დროა ითხოვს უმკაცრესად დაისაჯოს ყველა, ვინც დამნაშავეა ნინოწმინდის პანსიონის აღსაზრდელთა მიმართ სასტიკ მოპყრობაში, მის ხელშეწყობასა და საქმის მიჩქმალვაში. ასე ეხმაურება პარტია სახალხო დამცველის ანგარიშს, რომლის მიხედვითაც აღსაზრდელები დამამცირებელი, არაადამიანური და წამებასთან გათანაბრებული მოპყრობის მსხვერპლები არიან.

"უმნიშვნელოვანესია სახალხო დამცველს, მისი აპარატის და ყველა იმ ადამიანის თუ ორგანიზაციის ჩართულობა, რომლებიც იბრძოდნენ პანსიონიდან ბავშვების გამოსაყვანად. ერთობლივმა მუშაობამ, პროტესტმა გარკვეული შედეგი გამოიღო, თუმცა, არ უნდა ჩათვალოთ, რომ ამით ყველა პრობლემა გადაიჭრა.

უმკაცრესად უნდა დაისაჯოს ყველა, ვინც დამნაშავეა ბავშვების მიმართ ჩადენილ სასტიკ დანაშაულებში, ამ დანაშაულისთვის ხელის შეწყობასა თუ მის მიჩქმალვაში. პასუხი უნდა აგოს ყველამ, დაწყებული სახელმწიფო სტრუქტურებით, რომლებსაც ევალებოდათ ბავშვებზე ზრუნვა, დამთავრებული პანსიონის თითოეული აღმზრდელითა თუ თანამშრომლით", — ვკითხულობთ პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

პარტიაში აცხადებენ, რომ რადგან სახელმწიფომ ვერ შეძლო პანსიონში მცხოვრები არასრულწლოვნების დაცვა, ამაზე პასუხისმგებლობა ოპოზიციურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა და მთელმა დანარჩენმა საზოგადოებამ უნდა აიღოს.

გაიგე მეტი: