კახა კუჭავა გადადგა, პარლამენტის თავმჯდომარის პოსტზე კი შალვა პაპუაშვილი წარადგინეს. ამის შესახებ პარტიის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა. მისი თქმით, კუჭავას ეს გადაწყვეტილება პარტიისთვის "გულდასაწყვეტი" იყო, თუმცა ცნობად მიიღეს.

"ბუნებრივია, კახა რჩება ჩვენი პოლიტიკური გუნდის ერთ-ერთ ლიდერად და ის იმუშავებს ძალიან მნიშვნელოვან სახელმწიფოებრივ პროექტზე, რის შესახებაც მოგვიანებით გაგიზიარებთ დეტალურ ინფორმაციას", — აღნიშნა მან.

ბრიფინგზე ისაუბრა პარლამენტის ყოფილმა თავმჯდომარემაც. კუჭავას თქმით, "შორს არ მიდის" და პოლიტსაბჭოში რჩება.

"მოგესალმებით, როგორც გაიგეთ, მე მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო სპიკერის თანამდებობა, რა თქმა უნდა, ეს არ არის 2-3 დღის გადაწყვეტილება. დაახლოებით თვე არის უკვე ჩვენს გუნდთან ერთად ამ საკითხზე მქონდა საუბარი. მე შორს არსად არ მივდივარ, მე ვრჩები პოლიტსაბჭოში ჩემს გუნდთან ერთად", — განაცხადა კუჭავამ.

გარდა ამისა, როგორც კობახიძემ აღნიშნა, პოლიტსაბჭოსა და საპარლამენტო უმრავლესობის გადაწყვეტილებით, განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობაზე პარალამენტს გიორგი ამილახვარის კანდიდატურა წარედგინა.

კახა კუჭავა პარლამენტის თავმჯდომარედ 27 აპრილს აირჩიეს — მან არჩილ თალაკვაძე ჩაანაცვლა.