ქართულ ოცნებას სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის გაუქმება და მის ბაზაზე ორი ახალი უწყების შექმნა სურს. შესაბამისი კანონპროექტი უკვე მომზადებული და ინიცირებულია. როგორც დოკუმენტის ერთ-ერთი ავტორი, გურამ მაჭარაშვილი On.ge-სთან ამბობს, კანონპროექტი ორშაბათს, 27 დეკემბერს ბიუროს სხდომაზე იქნება წარდგენილი.

მისივე თქმით, სხვა ავტორებიც უმრავლესობის წევრები არიან. დოკუმენტი ჯერჯერობით ხელმისაწვდომი არ არის, ამიტომ დაგეგმილი ცვლილებების შესახებაც მაჭარაშვილს ვკითხეთ. ის ამბობს, რომ სახელმწიფო ინსპექტორის ბაზაზე შეიქმენა სპეციალური საგამოძიებო სამსახური და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური.

"საგამოძიებო სამსახურს რაღაც ფუნქიები ემატება ამ ცვლილებებით კიდევ უფრო და დამოუკიდებლობის ხარისხი, პროცედურები ხელმძღვანელის დანიშვნის, რა თქმა უნდა, რჩება იგივე და ინსტიტუციურად ეს ორი სამსახური უფრო მეტად, ეფექტურად გაართმევს თავს ყველა იმ მიმართულებას, რაც აქვს ახლა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს", — თქვა მან.

კითხვას, რა გახდა ცვლილებების მიზეზი, მაჭარაშვილი პასუხობს, რომ საგამოძიებო ფუნქციებისთვის ცალკე საგამოძიებო სამსახურის არსებობა არასამთავრობო ორგანიზაციების რეკომენდაცია იყო.

"მაშინაც იყო ეს კონსულტაციები, თუმცა ასე უცბად ვერ მოხერხდა ესეთი ცალკე სამსახურის შექმნა. მეორე ის, რომ ეს ორივე ფუქნცია არის ძალიან მნიშვნელოვანი და ერთი და იგივე სამსახურში ფუნქციები, ინტერესების კვეთა რომ არ მოხდეს, ამიტომ უნდა იყოს საგამოძიებო სამსახური ცალკე და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური ცალკე", — აცხადებს დეპუტატი.

საზოგადოებრივი მაუწყებლის ინფორმაციით, კანონპროექტის მიხედვით, სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ენიჭება სამოხელეო დანაშაულთა გამოძიების ფუნქცია, ხოლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურს — პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლისა და ყველა ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლის ფუნქცია.

აღსანიშნავია, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახური აქამდეც არსებობდა. სწორედ მისი გაუქმების შემდეგ, 2019 წლიდან ამოქმედდა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური და სხვა ფუნქციებიც შეითავსა. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანოა. მისი საქმიანობის ძირითადი მიმართულებებია:

  • პერსონალურ მონაცემთა დამუშავების კანონიერების კონტროლი;
  • ფარული საგამოძიებო მოქმედებებისა და ელექტრონული კომუნიკაციის მაიდენტიფიცირებელ მონაცემთა ცენტრალურ ბანკში განხორციელებული აქტივობების კონტროლი;
  • სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლის, მოხელის ან მასთან გათანაბრებული პირის მიერ ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების წინააღმდეგ ჩადენილი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის და ძალადობით ან დაზარალებულის პირადი ღირსების შეურაცხყოფით ჩადენილი სამოხელეო დანაშაულის მიუკერძოებელი და ეფექტიანი გამოძიება.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს ამ პერიოდში არაერთხელ გაუვრცელებია ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, თუმცა ყველაზე დიდი გამოხმაურება ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილზე მომზადებულმა დასკვნამ გამოიწვია. დოკუმენტის მიხედვით, იუსტიციის სამინისტრომ პატიმარ მიხეილ სააკაშვილის პერსონალური ინფორმაციის გასაჯაროებით კანონი დაარღვია. უწყებამ კადრების გავრცელების გამო იუსტიციის სამინისტრო და პენიტენციური სამსახური დააჯარიმა და მათი წაშლა დაავალა. აღსანიშნავია, რომ ერთი კვირის წინ, 19 დეკემბერს ქართული ოცნების თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ინსპექტორის დასკვნას არ ეთანხმება. მისი განცხადებით, ექსპრეზიდენტის უფლებები არ შელახულა და როცა საუბარია იმაზე, რომ მოქალაქეებმა პრეზიდენტი იხილეს ასეთ მდგომარეობაში, სააკაშვილი ადამიანებმა მანამდეც ნახეს "სახურავზე კარლსონივით" და "თმებით როგორ ათრევდა უკრაინელი სამართალდამცავი".