სატირულ გამოცემასთან, The Babylon Bee-სთან საუბრისას, Tesla-სა და SpaceX-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, ილონ მასკმა Facebook-ის მომავალი მეტავერსის კონცეპტი გააკრიტიკა.

"ვგავარ ადამიანს, რომელიც 95-იან წლებში ინტერნეტს ამრეზით უყურებდა და ფიქრობდა რომ ის ვერაფერს მიაღწევდა?" — ჰკითხა მასკმა Babylon Bee-ს.

"რა თქმა უნდა, თქვენ შეგიძლიათ ეკრანი ცხვირზე ჩამოიდოთ, თუმცა არ ვარ დარწმუნებული, რომ ამით მეტავერსში მოხვდებით", — დასძინა.

მასკი, იმ იდეით, რომ მთელი დღის განმვლობაში ცხვირზე ჩამოდებული ეკრანი უნდა გვქონდეს თვალწინ, მოხიბლული ნამდვილად არ არის.

"მთელი დღე სახეზე ჩამოცმული რაღაც კომფორტული ვერ იქნება, მე ვფიქრობ, რომ ჩვენ მეტავერსში გაუჩინარებისგან ძალიან შორს ვართ", — თქვა მასკმა The Babylon Bee-სთან საუბრისას.

მასკი ფიქრობს, რომ ამ ყველაფრის უკეთესი ალტერნატივა Neuralink-ის მიკროჩიპები იქნება, რომლებიც პირდაპირ ტვინში მოთავსდება.

"გრძელვადიან პერსპექტივაში, Neuralink-ს ექნება საშუალება გადაგვისროლოს სრულად ვირტუალურ რეალობაში", — თქვა მან.

Meta, რომელიც აქამდე Facebook-ის სახელით იყო ცნობილი, დიდი ხანია VR სათვალეებზე მუშაობს. კომპანიამ მეტავერსის პირველი საცდელი ვერსია უკვე გაუშვა. თუმცა, თვითონ კომპანიის ვიცე პრეზიდენტი, ნიკ კლეგიც თვლის, რომ VR სათვალეებით მიღებული გამოცდილება იდეალურამდე ძალიან შორსაა.