ნეტფლიქსის სერიალი Emily in Paris, რომელიც ახალგაზრდა ამერიკელი ქალის პარიზში ცხოვრების შესახებ გვიყვება, პოპულარულობასთან ერთად კრიტიკის ქარცეცხლშიც ხშირად ეხვევა. ამჯერად სერიალი უკრაინის კულტურის მინისტრმა ალექსანდრ ტკაჩენკომ გააკრიტიკა. მინისტრის თქმით, სერიალში უკრაინელი პერსონაჟის სტერეოტიპული, კარიკატურული სახეა შექმნილი.

სერიალის მეორე სეზონში ახალ პერსონაჟს, უკრაინელ პეტრას ვეცნობით, რომელიც პარიზში კიევიდან ჩამოვიდა. ერთ-ერთ სერიაში პეტრა ემილისთან ერთად მაღაზიიდან ნივთს იპარავს. პეტრას სერიალში ცუდი გემოვნება აქვს და დეპორტაციისაც ეშინია.

"Emily in Paris-ში უკრაინელი ქალის კარიკატურული სახეა შექმნილი, რაც მიუღებელია. ეს შეურაცხმყოფელიცაა. ნუთუ, საზღვარგარეთ უკრაინელებს ასე ხედავენ?", — დაწერა მინისტრმა Telegram-ზე.

უკრაინული მედიის ინფორმაციით, მინისტრმა ამ ფაქტთან დაკავშირებით ნეტფლიქსს უკვე წერილიც გაუგზავნა.

მინისტრის რეაქციაზე საზოგადოების აზრი გაიყო. მაყურებელთა ნაწილი მინისტრს არ ეთანხმება:

"გამოდის, რომ სერიალში უარყოფითი პერსონაჟი უკრაინელის გარდა ნებისმიერი შეიძლება იყოს? რა თქმა უნდა, ყველას გაგვიხარდებოდა, ის რომ მოსკოვიდან ყოფილიყო, მაგრამ ყოველთვის იმას ვერ იღებ, რაც გინდა", — ასე გამოეხმაურა მინისტრის კრიტიკას უკრაინელი პროდიუსერი ნატალკა იაკიმოვიჩი.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როცა სერიალს სტერეოტიპების გამო აკრიტიკებენ. Emily in Paris-ის პირველი სეზონის გამოსვლის შემდეგ უამრავმა ადამიანმა გამოთქვა უკმაყოფილება იმ მიზეზით, რომ, მათი აზრით, სერიალი პარიზელების შესახებ სტერეოტიპებით იყო სავსე.

ამავე თემაზე: