ტოყაევმა უსაფრთხოების საბჭოს სხდომა გამართა, რომელზეც განაცხადა, რომ ქვეყანაში არეულობის უკან საერთაშორისო ტერორისტული ჯგუფები დგანან და "მათი თავდასხმა, საჭიროა და უნდა განიხილონ, როგორც აგრესიის აქტი". ამის გამო მან კოლექტიური უსაფრთხოების შეთანხმება გაიხსენა და წევრი ქვეყნების ხელმძღვანელებს (რუსეთი, ბელარუსი, სომხეთში და ა.შ.) "ამ ტერორისტული საფრთხის" გადასალახად დახმარება სთხოვა.

სამთავრობო ძალებმა დაიბრუნეს დემონსტრანტების მიერ აღებული აეროპორტი, რა დროსაც რამდენიმე სამხედრო დაიღუპა.

არსებული ინფორმაციით, ქვეყნის უმეტეს ნაწილში აღდგა ხაზის ინტერნეტი, თუმცა ისევ არ მუშაობს მობილური ქსელები. ტელეგრამზე ვრელდება კადრები, რომლებშიც ჩანს, რომ კონკრეტული პირები საწყობებიდან იარაღს იღებენ, საამართალდამცავებს აღჭურვილობას ართმევენ და მაღაზიებსა და სხვადასხვა დაწესებულებას არბევენ.

BBC-ის რუსული ბიურო ოფიციალურ ორგანოებზე დაყრდნობით წერს, რომ გარდაიცვალა 8 სამართალდამცავი და დაშავდა 317. ამ დრომდე არ გავრცელებულა დაზუსტებული ინფორმაცია არიან თუ არა დაშავებული დემონსტრანტები. ტელეგრამ არხი Kazahstan Protesters წერს, რომ გარდაცვლილია აქციის არაერთი მონაწილე.

ღამით გავრცელდა ვიდეოები, სადაც ისმის სროლის ხმა და ჩანს, რომ მოქალაქეები უსაფრთხო ადგილის პოვნას ცდილობენ.

რუსული სახელისუფლებო მედია ავრცელებს კადრებს, რომლებზეც ჩანს, რომ ალმა-ატში ძალოვანები შეჰყავთ. ვრცელდება ინფორმაცია, რომ დილის საათებში დაგეგმილია სპეცოპერაციები და ქუჩების გაწმენდა.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელში ვრცელდება შეკრებისას გადაღებული ვიდეო, სადაც ერთ-ერთი პირი მოთხოვნებს აჯღერებს, რომელთა შორისაა ვაქცინაციის შეჩერება, კომუნალური გადასახადების შემცირება და რამდენიმე ოლქის ეკოლოგიური კატასტროფის ზონად გამოცხადება. უცნობია, არის თუ არა ეს ოპოზიციური ჯგუფების მთავარი სურვილი, რადგან დღის განმავლობში უმეტესად პრეზიდენტის გადადგომის მოთხოვნა ჟღერდა.

ფოტო: Reuters

აშშ-მ მხარეებს დამშვიდებისკენ მოუწოდა. მათ ყაზახეთის ხელისუფლებას თავშეკავება, დემონსტრანტებს კი მოხოვნების მშვიდობიანად გამოხატვა ურჩიეს. რუსეთმა კი განაცხადა, რომ სჯერა ყაზახეთი თავად მოაგვარებს შიდა პრობლემებს. აღსანიშნია, რომ რუსეთმა აშშ ყაზახეთი განვითარებული მოვლენების მართვაში დაადანაშაულა, რასაც თეთრი სახლის პრესსპიკერმა "შეშლილ რუსული ბრალდება" უწოდა.

რატომ დაიწყო პროტესტი

საწვავის ფასების მატების გამო ყაზახეთში მასშტაბური პროტესტი დაიწყო, რომელიც პოლიციასთან დაპირისპირებაში გადაიზარდა. სამართალდამცავებმა დემონსტრანტების წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი და სპეციალური შუშხუნები გამოიყენეს, თუმცა პროტესტი არ შეწყდა. პრეზიდენტმა ალმათსა და მანგისთაუს რაიონში, სადაც არეულობა იყო 2-კვირიანი საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა. მის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მთავრობა გადადგა. ამის მიუხედავად პროტესტი არ შეწყდა.

ფოტო: Pavel Mikheyev/Reuters

დემონსტრანტები შეიჭრნენ ქალაქ ალმატის ადმინისტრაციულ შენობაში, საიდანაც სროლისა და აფეთქების ხმა ისმოდა, გავრცელდა ხანძრის კადრებიც. დაკავებულია რამდენიმე ასეული მოქალაქე და დაშავებულია ასეულობით პოლიციელი. დაშავებული დემონსტრანტების რაოდენობაზე კი ზუსტი ინფორმაცია არ ვრცელდება. პრეზიდენტის განცხადებით ჯარისკაცებსა და პოლიციელებში არის მსხვერპლი.

ფოტო: AP

დემონსტრანტებმა აიღეს ალტანის აეროპორტი და ჩამოაგდეს ნურსულთან ნაზარბაევის ძეგლი. მოგვიანებით აეროპორტზე კონტროლი სამთავრობო ძალებმა აიღო. მთელი ქვეყნის მასშტაბით გათიშული იყო, როგორც მობილური, ასევე ხაზის ინტერნეტი და დაბლოკილია რამდენიმე აპლიკაცია. ინტერნეტი ქალაქების ნაწილში აღდგა.

საგანგებო რეჟიმი, რომელიც დედაქალაქსა და რამდენიმე ქალაქში იყო გამოცხადებული, მთელი ქვეყნის მასშტაბით გავრცელდება. რაც იმას ნიშნავს, რომ ყაზახეთში აიკრძალა მასობრივი შეკრებები და დილის 7 საათამდე კომენდანტის საათი დაწესდა.

ფოტო: AP

მოქმედმა პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ ტოყაევმა დემონსტრანტებს ხულიგნები უწოდა, ძალადობასა და მაღაზიების ძარცვაში დაადანაშაულა. ტოყაევის აზრით, პროტესტის მონაწილეების ქმედებებით ცხადია, რომ ეს შეთქმულების კარგად მომზადებული გეგმაა, რომლის უკანაც ფინანსური მოტივია. მანვე აღნიშნა, რომ როგორც სახელმწიფოს მმართველი და "დღეიდან უსაფრთხოების საბჭოს ხელმძღვანელი" აპირებს, იმოქმედოს მაქსიმალურად მკაცრად. ეს ნიშნავს, რომ ამ თანამდებობაზე ყოფილი პრეზიდენტი ნურსულთან ნაზარბაევი აღარ იქნება.