ნაციონალური მოძრაობის წევრის, ეკა ხერხეულიძის განცხადებით, ყოფილი მაღალჩინოსანი, გიორგი კალანდაძე თავისუფალია. კალანდაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია 19 დეკემბერს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გაავრცელა.

"საქართველოს მთავრობა გენერალი გიგი კალანდაძე თავისუფალია, ვიზიარებ თქვენს მწუხარებას", — წერს ხერხეულიძე Facebook-ზე.

On.ge შეეცადა ინფორმაცია შესაბამის უწყებებთან დაეზუსტებინა. საგარეო საქმეთა სამინისტროში კალანდაძის შესახებ ინფორმაცია არ აქვთ, პროკურატურაში კი ჩვენს ზარებს ჯერჯერობით არ პასუხობენ. დამატებით ინფორმაციას მიღებისთანავე მოგაწვდით.

გიორგი კალანდაძის დაკავების შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სოციალური ქსელით გავრცელდა. 19 დეკემბერს გავრცელებულ განცხადებაში სააკაშვილი წერდა, რომ კალანდაძე 2008 წლის აგვისტოს ომის გმირია და რუსეთის წინააღმდეგ იბრძოდა უკრაინაშიც. მისივე განცხადებით, "სირცხვილია, რომ საქართველოს ხელისუფლება სწორედ რუსეთის მთავარ მტრებს უქმნის პრობლემებს მსოფლიოს მასშტაბით".

20 დეკემბერს, პროკურატურამ გააკეთა განცხადება და თქვა, რომ გერმანულ მხარეს კალანდაძის ექსტრადირების მოთხოვნით მიმართავდნენ. პროკურატურის ინფორმაციით, გიორგი კალანდაძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთისა და წამების მუხლებით პასუხისგებაშია მიცემული და იგი ძებნილად იყო გამოცხადებული.

გიორგი კალანდაძე საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" და მე-4 ნაწილის "ა" ქვეპუნქტებით, ასევე 144-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის "ა" და "ბ" ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილით სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული. მის მიმართ წარდგენილი ბრალდება 12-დან 17 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.