ლელოს ერთ-ერთი ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის განცხადებით, იმედი აქვს, რომ მათი საქმე საქართველოში პოლიტიკური დევნის დასრულების დასაწყისი გახდება. ამის შესახებ მან სასამართლო სხდომაზე საბოლოო სიტყვის წარმოთქმისას ისაუბრა.

"ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ეს საქმე გახდება დასაწყისი ამ ქვეყანაში პოლიტიკური დევნის დასრულების, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, იმისთვის, რომ აღარ ნახოს არცერთმა ჩვენმა თანამემამულემ ეს სამარცხვინო დევნა და აღარასოდეს მოუწიოთ ამ ადამიანებს ასეთი დავალების შესრულება", — აღნიშნა ჯაფარიძემ.

ამასთან, მან ხაზი გაუსვა, რომ ამ საქმეში დაზარალებულები თავად არიან, რადგან "ფორსმაჟორული ვითარების" შედეგად, მათი ქონების 2/3 დაკარგეს.

"ჩვენ გავხდით ფორსმაჟორული ვითარების მსხვერპლნი და არ მხოლოდ ჩვენ, ბევრი. ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ქონების 2/3 ფორსმაჟორული ვითარების შედეგად, მათ შორის, ამ სესხის გაფორმების გამო და ამიტომ, თუ ვინმე არის დაზარალებული და მსხვერპლი, ვართ ჩვენ", — თქვა მან.

დღეს ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის ე.წ. ფულის გათეთრების საქმეზე ბოლო სასამართლო სხდომა იმართება. პროცესის დაწყების დროს მოსამართლემ მამუკა ხაზარაძე დარბაზიდან გააძევა. მიზეზი ხაზარაძესა და ბრალდების მხარეს შორის სიტყვიერი დაპირისპირება გახდა. მოგვიანებით, მოსამართლემ საბოლოო სიტყვის წარმოსათქმელად მისი დარბაზში დაბრუნების გადაწყვეტილება მიიღო.

ბადრი ჯაფარიძეს, მამუკა ხაზარაძესა და ავთანდილ წერეთელს პროკურატურა ფულის გათეთრებას ედავება. 2019 წლის 8 იანვარს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პროკურატურამ თიბისი ბანკიდან დოკუმენტები ამოიღო. მაშინ პროკურატურამ განმარტა, რომ თიბისი ბანკის 2008 წლის აქტივობები შეიცავდა ფულის გათეთრების ნიშნებს და მასში თიბისის დამფუძნებლები და ამავდროულად, სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე, მამუკა ხაზარაძე და მისი მოადგილე ბადრი ჯაფარიძე ფიგურირებდნენ.