პროკურატურა აცხადებს, რომ ხაზარაძე-ჯაფარიძე-წერეთლის საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებენ. უწყების ცნობით, სასამართლომ ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები "სრულად გაიზიარა", თუმცა "არ დაეთანხმა" ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში.

"თბილისის საქალაქო სასამართლომ სრულად გაიზიარა ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და სს "თიბისი ბანკი"-ს კუთვნილი 16 664 000 აშშ დოლარის თაღლითურად დაუფლების ფაქტზე მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დამნაშავედ ცნო და გამამტყუნებელი განაჩენი გამოიტანა. ამასთან, სასამართლო არ დაეთანხმა ბრალდების მხარის შეფასებას ჩადენილი დანაშაულის სამართლებრივ კვალიფიკაციაში, რის გამოც, ბრალდებულთა ქმედება დაკვალიფიცირდა თაღლითობის მუხლით.

აღნიშნულ სისიხლის სამართლის საქმეზე, თითოეულ მსჯავრდებულს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 7 წლის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობის საფუძველზე, თაღლითობის დანაშაულზე სისხლისსამართლებრივი დევნის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო, ისინი გათავისუფლდნენ სასჯელის მოხდისგან. საზოგადოებას შევახსენებთ, რომ მამუკა ხაზარაძეს, ბადრი ჯაფარიძეს და ავთანდილ წერეთელს ბრალდება წარდგენილი ჰქონდათ უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 194-ე მუხლით. ბრალდების მხარე, სასამართლოს დღევანდელ გადაწყვეტილებას კანონით დადგენილ ვადაში სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს", — ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.

მიუხედავად იმისა, რომ პროკურატურა ბრალდებულებს სხვა მუხლებს ედავებოდა, საქმის პროკურორის, არჩილ ტყეშელაშვილის განცხადებით, სასამართლომ ბრალდების მტკიცებულებები სრულად გაიზიარა და მუხლები "უბრალოდ გადააკვალიფიცირა".

მოსამართლე გიორგი არევაძემ ე.წ. ფულის გათეთრების საქმის განაჩენი გამოაცხადა. მან ბადრი ჯაფარიძესა და მამუკა ხაზარაძეს ბრალდება თაღლითობის მუხლით გადაუკვალიფიცირა და თითოეულს 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, თუმცა დანაშაულის ხანდაზმულობის გამო ისინი სასჯელისგან გათავისუფლდნენ. ბრალი გადაუკვალიფიცირდა იგივე საქმეში ბრალდებულ ავთანდილ წერეთელსაც. მას პროკურატურა ფულის გათეთრებაში ამსრულებლობასა და თანამონაწილეობას ედავებოდა, თუმცა ხაზარაძე-ჯაფარიძისთვს ბრალის გადაკვალიფიცირების შემდეგ მოსამართლემ წერეთელი თაღლითობაში ამსრულებლისა და თანამონაწილობისთვის ცნო დამნაშავედ.

საქალაქო სასამართლოს მიერ გამოტანილ განაჩენს გაასაჩივრებენ მამუკა ხაზარაძე, ბადრი ჯაფარიძე და ავთანდილ წერეთელიც. ხაზარაძემ მის მიმართ გამოტანილი განაჩენის შეფასებისას სასამართლოს "ერთი კაცის მართლმსაჯულება" უწოდა.