თბილისის საქალაქო სასამართლოს განცხადებით, იუსტიციის მინისტრის განცხადება და სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ინფორმაცია მიხეილ სააკაშვილის კვების რაციონისა და აუდიო-ვიდეო ჩანაწერების გასაჯაროების შესახებ ემსახურებოდა სახელმწიფო და საზოგადოებრივი უსაფრთხოების დაცვის ლეგიტიმურ მიზანს და შესაბამისად პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნა არ დარღვეულა.

სასამართლომ აღნიშნული განცხადება გაავრცელა მას სემდეგ, რაც 11 იანვარს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა თქვა, რომ საქალაქომ ინსპექტორის მიღებული გადაწყვეტილება იუსტიციის სამინისტროს მიერ ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილის პერსონალური მონაცემების გასაჯაროების შესახებ გააუქმა.

"სამწუხაროა, რომ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახური მიზანმიმართულად არასწორი ინფორმაციის გავრცელებით ცდილობს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას, უსაფუძვლო და დაუსაბუთებელი ბრალდებებით, კერძოდ: მსგავსი კატეგორიის საქმეებზე, სხვა საქმეებისაგან განსხვავებით, კანონმდებლობით შემჭიდროებული ვადაა განსაზღვრული - ერთი თვე; საჩივარი სასამართლოში წარმოდგენილ იქნა 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილება მიღებულია 2022 წლის 11 იანვარს; ამდენად, საქმე განხილულ იქნა კანონმდებლობით დადგენილი ვადის ფარგლებში.

ვინაიდან სამართალდარღვევის ოქმები შედგენილი იყო ორი სხვადასხვა დაწესებულების მიმართ, რამდენიმე, ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი სამართალდარღვევის ჩადენის ბრალდებით, სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეთა გაერთიანება შეაფერხებდა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას", — აცხადებენ საქალაქოში.

თბილისის საქალაქო სასამართლო მოუწოდებს სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურსა და ყველა დაინტერესებულ მხარეს, რომ გაავრცელონ რეალურ ფაქტებზე დაფუძნებული და მოქმედი კანონმდებლობის სწორი განმარტების შესაბამისი ინფორმაცია/მოსაზრებები.

ინსპექტორის სამსახურის ცნობით, იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალური პენიტენციური სამსახურის მიერ ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა თბილისის საქალაქო სასამართლოში 2021 წლის 17 დეკემბერს, ხოლო სახელმწიფო ინსპექტორის მიერ გაცემული დავალება სააკაშვილის პერსონალური მონაცემების შემცველი ვიდეოჩანაწერების, აუდიო-ვიდეოჩანაწერისა და ფოტომასალის წაშლის შესახებ არ შესრულებულა.

ასევე, მათი თქმით, იუსტიციის სამინისტროს საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 28 დეკემბერს, რომლის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლომ აცნობა 3 სამუშაო დღით ადრე, ხოლო სპეციალური პენიტენციური სამსახურის საჩივრის განხილვა ჩაინიშნა 29 დეკემბერს, რომლის შესახებ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს სასამართლომ აცნობა წინა დღეს.

სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა პენიტენციური სამსახური 7 დეკემბერს დააჯარიმა. მათი გადაწყვეტილებით, საქართველოს იუსტიციის სამინისტროსა და სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს ადმინისტრაციული პასუხისმგებლობა დაეკისრათ, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის 44-ე მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის რამდენიმე ეპიზოდისთვის.

გაიგე მეტი: