დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, მათ ეპიდემია მართეს. ასე პასუხობს ის კრიტიკას იმაზე, თუ რატომ იდგა მკაცრი შეზღუდვების საჭიროება 2020 წელს და რატომ არ არის ის ახლა.

გამყრელიძე ამბობს, რომ შარშან კორონავირუსს მთელი მსოფლიო შეზღუდვებით ებრძოდა, რადგან ინფექციის შესახებ ბევრი რამ არ იყო ცნობილი. მისი თქმით, "საქართველოც გლობალური სამყაროს ნაწილია", და ისევე როგორც სხვა ქვეყნებს, ეკონომიკური კრიზისი მასაც შეეხო. ამასთან, NCDC-ის ხელმძღვანელის თქმით, მათ 2020 წლის გაზაფხულზე მკაცრი შეზღუდვები რომ არ მიეღოთ, ჯანდაცვის სისტემა "ამას ვერ გაუძლებდა".

"ჩვენ რომ მაშინ არ მიგვეღო მკაცრი შემზღუდავი ღონისძიებები და გვქონოდა 3-4-5 ათასი 2020 წლის გაზაფხულზე ყოველდღიური შემთხვევა, დამერწმუნეთ, რომ ჯანდაცვის სისტემა ამას ვერ გაუძლებდა. შემდგომ ჯანდაცვის სისტემაში ბევრი რამ დაიხვეწა, ბევრი რამ იქნა განახლებული, შეძენილი, დიდი კლინიკები გახსნილი, თვითონ ჩემმა კოლეგებმა, ბევრი ვისწავლეთ ყველამ ამ ინფექციის შესახებ და ამის შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ პიკზე გვქონდა მაღალი, ჩვენ ეპიდემია ვმართეთ. მესმის კრიტიკა არის, რომლისგანაც ზოგიერთი შეიძლება გაითვალისწინო, უმრავლესობაზე პასუხი არის", — განაცხადა მან.

ქვეყანაში Covid-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა 1 006 864-ს შეადგენს. ჯამში, ვირუსს 14 512 ადამიანი ემსხვერპლა.