ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, დღეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან ჟენევაში გამართულ შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მომავალ კვირას რუსეთს წერილობით გასცემენ პასუხს. ამის შესახებ მან ბრიფინგზე ისაუბრა.

"თუ ჩვენ დავასკვნით და რუსეთის დაასკვნის, რომ საუკეთესო გზა საკითხის გადასაჭრელად მათ შორის შემდგომი საუბრებია, ჩვენ, რა თქმა უნდა, ამისთვის მზად ვართ", — თქვა ბლინკენმა.

შეხვედრის შემდეგ განცხადება გააკეთა სერგეი ლავროვმაც და აღნიშნა, რომ საუბარი "გულწრფელი და სასარგებლო" იყო.

დღეს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი ერთმანეთს ჟენევაში შეხვდნენ — შეხვედრა 90 წუთს გაგრძელდა. როგორც მის დაწყებამდე ბლინკენმა განაცხადა, ეს "კრიტიკული მომენტია".

20 იანვარს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი გერმანიაში, ბერლინში, ჩაფრინდა, სადაც რუსეთის უახლეს დიპლომატიურ ჩართულობას და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის შემდგომი აგრესიის შესაჩერებლად ერთობლივ ძალისხმევას განიხილავენ.

მანამდე ის უკრაინაში იმყოფებოდა. 19 იანვარს, კიევში ჩასვლის შემდეგ, ბლინკენმა განაცხადა, რომ მცირე დროში სამხედრო ძალების გაზრდა რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს უკრაინის წინააღმდეგ აგრესიულად მოქმედების შესაძლებლობას აძლევს.

მას შემდეგ, რაც რუსეთმა მოითხოვა გაუქმდეს ნატოს ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც საქართველო და უკრაინა ალიანსში უნდა გაწევრიანდნენ, ოკუპანტი ქვეყანა ამერიკის შეერთებულ შტატებისა და ნატოსგან "უსაფრთხოების გარანტიებს" ითხოვს. ლავროვის უწყებამ "შეთანხმების პროექტი" 2021 წლის დეკემბერში გამოაქვეყნა და განაცხადა, რომ ამერიკულ მხარეს რუსეთის მიდგომის ლოგიკის აუცილებელი განმარტებები მისცეს და შესაბამისი არგუმენტები წარუდგინეს.