ოპოზიციურმა ფრაქციებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია შეიმუშავეს. ისინი ქართულ ოცნებას სთავაზობენ უახლოეს პლენარულ სხდომაზე განიხილონ და ერთობლივად დაამტკიცონ აღნიშნულ რეზოლუცია. გარდა ამისა, ისინი ითხოვენ საგარეო საქმეთა და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტების ფარგლებში საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანისა და თავდაცვის მინისტრის, ჯუანშერ ბურჭულაძის მოწვევას რეგიონში შექმნილი უსაფრთხოების გამოწვევების განსახილველად.

კიდევ ერთი მოთხოვნა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ერთობლივი ბრიფინგის დროს დააყენეს, არის უკრაინა-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის ფარგლებში კიევში ერთობლივი საპარლამენტო ვიზიტის დაგეგმვა.

"ჩვენ ყველა ვთანხმდებით, საპარლამენტო ოპოზიცია და მთელი საზოგადოება, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, ჩვენი მეზობლის, უკრაინის მიმართ რუსეთის განახლებული აგრესია, ეს არის ძალიან სერიოზული საფრთხე და გამოწვევა, მათ შორის, ზოგადად, რეგიონული უსაფრთხოების საკითხის მიმართულებით. ასევე, გეოპოლიტიკური მიმართულებით. შესაბამისად, ეს არის საკითხი, რომელზეც სახელმწიფომ, მათ შორის პარლამენტმა ერთობლივი პოზიცია უნდა დააფიქსიროს", — განაცხადა ხატია დეკანოიძემ, ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის წევრმა.

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის გარდა საპარლამენტო ოპოზიცია ითხოვს პარლამენტმა შეიმუშავოს რეზოლუცია საქართველოს NATO-ში გაწევრიანების შესახებ.

"ჩვენ მიგვაჩნია, რომ უახლოეს დღეებში საქართველოს პარლამნეტში შესაბამისმა კომიტეტებმა უნდა შეათანხმონ საბოლოო ტექსტი ორი მნიშვნელოვანი რეზოლუციის: ერთი, ეს იქნება უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუცია, მეორე — ჩვენი ქვეყნის გაწევრიანების შესახებ NATO-ში რეზოლუცია. პლენარულ სხდომაზე, როდესაც გაიხსნება საგაზაფხულო სესია, ეს რეზოლუციები უნდა გახდეს პირველი, რასაც მიიღებს საქართველის პარლამენტი.

ეს იქნება ძალიან ნათელი გზავნილი ყველასთვის, როგორც ჩვენი დასავლელი პარტნიორებისთვის, ასევე რუსეთისთვის, რომ საქართველო და უკრაინა არ აპირებენ არანაირ დათმობებზე წასვლას", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა, ფრაქცია ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის წევრმა,

გარდა ამისა, საპარლამენტო ოპოზიცია პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს მოუწოდებს, მიმდინარე კვირას მოიწვიოს უშიშროების საბჭოს გაფართოებული სხდომა, სადაც განიხილავენ შავი ზღვის რეგიონში არსებულ ახალ გამოწვევებს.

"ეს არ არის რიგითი საკითხი, რომელიც საქართველოს პარლამენტმა უნდა განიხილოს და არ არსებობს არანაირი სივრცე პოლიტიკური ხაზების გასავლებად ამ საკითხებთან მიმართებაში", — განაცხადა სალომე სამადაშვილმა.

აღსანიშნავია, რომ ფრაქციამ ლელო — პარტნიორობა საქართველოსთვის უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკისა და რადას თავმჯდომარეს, რუსლან სტეფანჩუკს სოლიდარობის ნოტა გაუგზავნეს. შესაბამისი წერილი ფრაქციის ლიდერებმა დღეს უკრაინის ელჩს საქართველოში, იგორ დოლგოვს გადასცეს.