არასამთავრობო ორგანიზაცია საერთაშორისო გამჭვირვალობის (TI) კორუფციის აღქმის ინდექსის (CPI) მიხედვით საქართველოს მაჩვენებელი წინა წლებთან შედარებით გაუარესებულია. უფრო ზუსტად, 2021 წლის მაჩვენებელია 55 ქულა, რაც 2015 წლის შემდეგ ყველაზე დაბალია.

"მმართველი პარტიის დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის გავლენა ძირითად ინსტიტუციებზე სახელმწიფოს მიტაცების სფეროში ჯდება, მიუხედავად იმისა, რომ ივანიშვილმა ფორმალურად დატოვა პოლიტიკა, მისმა პარტიამ, ქართულმა ოცნებამ, ბოლო წლებში საბოლოოდ ხელში ჩაიგდო სასამართლო და სამართალდამცავი ორგანოები, რითაც, ფაქტობრივად, შეაჩერა კორუფციასთან საბრძოლველად საჭირო პოლიტიკური იმპულსი", — აცხადებენ ორგანიზაციაში.

ამ რეიტინგში 100 ქულა კორუფციის ყველაზე დაბალ რისკს ნიშნავს, 0 კი ყველაზე მაღალს. შესაბამისად, საქართველოს 55 ქულა საშუალო მაჩვენებლად შეიძლება ჩაითვალოს. თუმცა, TI ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ წინა წლებთან შედარებით მდგომარეობა გაუარესდა.

ფოტო: TI

"საქართველოს ქულა საგრძნობლად არ გაუმჯობესებულა 2012 წლის შემდეგ, რაც ქვეყანაში ანტიკორუფციული რეფორმების სტაგნაციაზე მიუთითებს. სახელმწიფოს ინსტიტუტების მიტაცების ტენდენციის პარალელურად, საქართველოს მთავრობისთვის კორუფციასთან ბრძოლა არ წარმოადგენს პრიორიტეტს და ბოლო წლებში არ განხორციელებულა იმგვარი მასშტაბის ან ამბიციის რეფორმა, რომელიც ანტიკორუფციულ გარემოს გააუმჯობესებდა.

კორუფციასთან ამგვარი დამოკიდებულება უკიდურესად სახიფათოა, რადგან მუდმივი და აქტიური წინააღმდეგობის გარეშე, კორუფციის პრობლემის მხოლოდ დამძიმებას უნდა ველოდოთ", — აცხადებენ საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოში.

ორგანიზაციის შეფასებით, საქართველოს ეს მაჩვენებელი მეტწილად, შესაძლოა, წვრილმანი მექრთამეობით იყოს განპირობებული. თუმცა, ამავე დროს, ყურადღებას ამახვილებს იმ გამოწვევებზე, რომლებიც "ქმნის იდეალურ გარემოს კორუფციის გაღრმავებისთვის":

  • არაფორმალური მმართველობა — "პოლიტიკიდან ბიძინა ივანიშვილის ფორმალურად წასვლის მიუხედავად, მთავრობის ყველაზე მნიშვნელოვანი თანამდებობები დღემდე სწორედ მის კომპანიებში ნამუშევარ ადამიანებს უკავიათ";
  • ძალაუფლების არაჯანსაღი კონცენტრაცია მმართველი პარტიის ხელში;
  • გაწონასწორებისა და შეკავების დემოკრატიული სისტემის დასუსტება — სასამართლოს, პროკურატურის და დამოუკიდებელი ინსტიტუციების პოლიტიკური დამორჩილება;
  • პარლამენტის სუსტი საზედამხედველო როლი კორუფციის შეკავების პროცესში;
  • მაღალი დონის კორუფცია — "კორუფციის ასეთ სავარაუდო შემთხვევებზე რეაგირება, როგორც წესი, არაეფექტურია. საგამოძიებო ორგანოების მიერ კორუფციის ფაქტები ხშირად გამოუძიებელი და დაუსჯელი რჩება. არ არსებობს კორუფციასთან ბრძოლაზე პასუხისმგებელი დამოუკიდებელი ინსტიტუტი";
  • შეჩერებული ანტიკორუფციული რეფორმა — "მთელი რიგი ანტიკორუფციული მექანიზმები სუსტია (ქონებრივი დეკლარაციების მონიტორინგი) ან მხოლოდ ქაღალდზე არსებობს (ინტერესთა შეუთავსებლობა, ნეპოტიზმი, მხილება და მამხილებელთა დაცვა, მბრუნავი კარი).

ორგანიზაციის შეფასებით, ამ მდგომარეობის გამოსასწორებლად, პირველ რიგში, მნიშნველოვანია, ხელისუფლებამ აღიაროს პრობლემა. რაც შეეხება მისი გადაჭრის გზებს, ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ უნდა შესრულდეს საერთაშორისო რეკომენდაციები ამ მიმართულებით, განაახლოს ანტიკორუფციული პოლიტიკა, გააძლიეროს პარლამენტის საზედამხედველო როლი, გაატაროს სასამართლოს რეფორმა, შეიქმნას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისგან დამოუკიდებელი ანტიკორუფციული სააგენტო და ა.შ.