დღეს, 2 თებერვალს საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 10,5%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

სებ-მა რეფინანსირების განაკვეთი ბოლოს გასული წლის 8 დეკემბერს 0,5 პროცენტული პუნქტით გაზარდა, რის შედეგადაც 169,7 ათას ადამიანს სესხის პროცენტი გაუძვირდა.

როგორც ჩანს, ეროვნული ბანკი მაღალი ინფლაციის საპასუხოდ მონეტარულ პოლიტიკას გამკაცრებულ რეჟიმში ტოვებს.

რეფინანსირების განაკვეთი ეროვნული ბანკის ხელთ არსებული ინსტრუმენტია, რომლის საშუალებითაც ის ფასების სტაბილურობას უზრუნველყოფს. როდესაც რეფინანსირების განაკვეთი იზრდება, ამას მონეტარული პოლიტიკის გამკაცრებას უწოდებენ — ამ დროს მსესხებლებს აღნიშნულ განაკვეთზე მიბმული კრედიტები უძვირდებათ. შესაბამისად, ადამიანები ამცირებენ ხარჯვას, რის გამოც მცირდება საერთო მოთხოვნა — ეს კი ფასების ზრდას უშლის ხელს.

აღსანიშნავია, რომ დეკემბერში წლიური ინფლაცია 13,9%-ს გაუტოლდა — ფასების დონის ზრდა ამაზე მეტად ბოლოს 2011 წლის მაისში დაფიქსირდა, როდესაც წლიური ინფლაციის მაჩვენებელი 14,3% იყო.

სებ-ის ინფორმაციით, მთლიანობაში, 2021 წლის პირველი ნახევრიდან მოყოლებული მაღალ ინფლაციას სურსათის, ნავთობისა და ტრანსპორტირების საერთაშორისო მასშტაბით გაზრდილი ფასები განაპირობებს. მათი თქმით, მაღალი ინფლაცია, მეტწილად, სწორედ იმპორტირებული საქონლიდან მომდინარეობს, რაც საერთაშორისო ბაზრებზე აშშ დოლარით გამოხატული ფასების ზრდით არის განპირობებული.

ეროვნულ ბანკში იმასაც აღნიშნავენ, რომ ლარის ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსის ბოლოდროინდელი გამყარება საერთაშორისო ბაზრებიდან მომდინარე წნეხს გარკვეულწილად არბილებს.

სებ-ში პროგნოზირებენ, რომ, სხვა თანაბარ პირობებში, ინფლაცია მიმდინარე წლის გაზაფხულიდან ეტაპობრივ კლებას დაიწყებს და წლის ბოლოსთვის მიზნობრივ მაჩვენებელს დაუახლოვდება.

როგორც ცნობილია, ინფლაციის მიზნობრივი მაჩვენებელი 3%-ია.