საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია შესამოწმებლად თელასსა და თელმიკოში შევა. როგორც სემეკში აცხადებენ, სპეციალური ჯგუფი თელმიკოს ბილინგისა და თელასის მრიცხველების აღრიცხვის სისტემებს ადგილზე შეისწავლის.

მათივე განცხადებით, დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში კომპანიები დაჯარიმდებიან, ხოლო მოქალაქეებს ზედმეტობით დარიცხული თანხები უკან დაუბრუნდებათ.

"კომისიის სპეციალური ჯგუფის მიერ შემოწმდება შპს თელმიკოსა და თელასის მიერ 2021 წლის 1 დეკემბრიდან 2022 წლის 31 იანვრამდე პერიოდში მომხმარებლებისათვის მოხმარებული ელექტროენერგიის აღრიცხვისა და საფასურის დარიცხვის შესაბამისობა ენერგეტიკისა და წყალმომარაგების შესახებ საქართველოს კანონისა და სემეკის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოთხოვნებთან", — ნათქვამია განცხადებაში.

კომისიაში აღნიშნავენ, რომ მათი გადაწყვეტილება მოქალაქეთა საჩივრებითაა განპირობებული. კერძოდ, საქმე დეკემბერსა და იანვარში მოხმარებული ელექტროენერგიის დარიცხვებს ეხება. სემეკში ამბობენ, რომ თელმიკოსა და თელასში შემოწმება 3 მარტს დასრულდება.

იანვრის დასაწყისში მოქალაქეები სოციალურ ქსელში წერდნენ, რომ მათ არა მხოლოდ დენის გადასახადის ორი ქვითარი მიუვიდათ, არამედ გადასახადიც გაეზარდათ. 4 ნოემბერს საპასუხოდ, თელმიკოში განაცხადეს, რომ საახალწლო დღეებთან დაკავშირებით, 31 დეკემბერს, 1 და 2 იანვარს გამზადებული ქვითრები არ გაგზავნილა, შესაბამისად, აღნიშნული ქვითრები მომხმარებლებს 3 და 4 იანვარს გაუგზავნეს და ისინი დეკემბრის დარჩენილი დღეების ელექტროენერგიის ხარჯს ასახავდა.

კომპანიაში ამტკიცებდნენ იმასაც, რომ გავრცელებული ინფორმაცია 1 იანვრიდან ტარიფის გაზრდაზე სიმართლეს არ შეესაბამება და ელექტროენერგიის საფასური არ შეცვლილა.