აშშ-ის განცხადებით, რუსეთი უკრანაში შეჭრის გასამართლებლად ყალბი ვიდეოს დამზადებას გეგმავდა, რომელშიც ნაჩვენები იქნებოდა უკრაინელების "თავდასხმა" მათ ტერიტორიაზე ან რუს სეპარატისტებზე. ამის შესახებ საერთაშორისო მედია წერს.

BBC-ის ცნობით, ერთ-ერთი ვარიანტი, რომელსაც კრემლი განიხილავდა, არის თავდასხმის ინსცენირება, მათ შორის, ისეთი გამოსახულებები, სადაც ნაჩვენებია აფეთქებები და მსხვერპლი. მედიის ინფორმაციით, საპასუხოდ რუსეთმა აშშ-ის ბრალდებები უარყო.

NYT კი ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთი ამით უკრაინელების გენოციდში დადანაშაულებას აპირებდა, რის შემდეგაც ამას თავდასხმის გასამართლებლად გამოიყენებდა.

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, ნედ პრაისმა ვიდეოს გარკვეული დეტალები განიხილა, თუმცა აღნიშნა, რომ წყაროს დაცვის მიზნით მტკიცებულებებს არ გაასაჯაროვებენ.

"ამ პროპაგანდისტული ვიდეოს დამზადება არის ერთ-ერთი ვარიანტი, რასაც რუსეთის მთავრობა ავითარებს, როგორც ყალბ საბაბს, რომ დაიწყოს და გაამართლოს უკრაინის წინააღმდეგ პოტენციური სამხედრო აგრესია", — აღნიშნა მან.

უკრაინის საზღვრებთან სიტუაცია უფრო და უფრო იძაბება. 26 იანვარს რუსეთმა ბელარუსში სამხედრო ძალები განათავსა, რითიც უკრაინის ჩრდილოეთით შეიქმნა ახალი სავარაუდო ფრონტი თავდასხმისთვის. ამის ფონზე რუსეთი ამტკიცებს, რომ უკრაინაში შეჭრას არ გეგმავს, დასავლეთი კი მკაცრი ეკონომიკური სანქციებით იმუქრება. ბოლო ინფორმაციით, რუსეთს უკრაინის საზღვრებთან 100 ათასამდე სამხედრო ჰყავს მობილიზებული.

გაიგე მეტი: