საქნახშირის განცხადებით, 30 იანვარს მინდელის სახელობის შახტაში მომხდარი აფეთქება ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ და საგზაო დაცვის სამსახურის მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემამ გამოიწვია.

"30 იანვარს, "მინდელის" სახელობის შახტზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით გამოძება მიმდინარეობს. მომხდარის შესახებ დეტალები შრომის ინსპექციამაც გამოიკვლია. ამასთანავე, "საქნახშირში" შეიქმნა სპეციალური კომისია, რომელიც საქმის დეტალებს იკვლევს და რომლის საბოლოო დასკვნაც მარტის დასაწყისში გახდება ცნობილი. "საქნახშირმა" წარმოადგინა კვლევის პირველადი შედეგები, თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ზოგიერთმა შედეგმა შესაძლოა მოდიფიცირება განიცადოს, რადგან კვლევა არ დასრულებულა და მიმდინარეობს დამატებითი გარემოებების დადგენა.

ამ ეტაპისთვის ცნობილია, რომ აფეთქება გამოიწვია ტექნიკური უსაფრთხოების ნორმების დარღვევამ შემთხვევის ადგილზე საამფეთქებლო სამუშაოების წარმოებისას, ასევე საგაზო დაცვის სამსახურის (სადისპეჩეროს) მხრიდან აფეთქების ნებართვის გაცემისას", — აღნიშნულია განცხადებაში.

მათივე თქმით, ოსტატ-ამფეთქებლებმა დაარღვიეს სტანდარტი საამფეთქებლო სამუშაოების უსაფრთხოების წესების შესახებ.

"ადგილი ჰქონდა სამუშაოების თვითნებურად გადანაწილებას — უფლება-მოვალეობების გაცვლას, რამაც გამოიწვია ის, რომ ისინი არ იმყოფებოდნენ იმ კონკრეტულ ლოკაციაზე, სადაც მათ ევალებოდათ ყოფნა. მეტიც, ერთ-ერთი ოსტატ-ამფეთქებელი საერთოდ არ წასულა უბანზე აფეთქებითი სამუშაოების ჩასატარებლად, ამის შესახებ კი არ ჩააყენეს საქმის კურსში ხელმძღვანელობა (გადაადგილების შესახებ ინფორმაცია არებულია პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლებიდან).

მას შემდეგ, რაც სამთო ოსტატმა მოახდინა გაზ-მეთანის გეგმიური გაზომვა, საჭირო იყო ოსტატ-ამფეთქებელის მიერ გაზ-მეთანის დამატებითი გადაკონტროლება. თუმცა, ოსტატ ამფეთქებელმა არ განახორციელა სანგრევის დამუხტვა, ასევე არ განახორციელა საგაზო ვითარების კონტროლი (რომელიც აუცილებელია დამუხტვამდე და დამუხტვის შემდეგ), რადგან არ ჰქონდა შახტში წაღებული გაზ-მეთანის საკონტროლო ინტერფერომეტრი. პოზიციონირების სისტემის მაჩვენებლების მიხედვით, ამფეთქებელი არ მისულა ასაფეთქებელი სამუშაოების ჩატარების ადგილზე, არ შეამოწმა ასაფეთქებელი ადგილი და ისე განახორციელა აფეთქება", — ამბობენ ისინი.

30 იანვარს, გვიან ღამით ტყიბულის შახტაში აფეთქების შედეგად 1 ადამიანი გარდაიცვალა, 8 კი დაშავდა.