ერთიანი ნაციოალური მოძრაობა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელს, გრიგოლ ლილუაშვილს ფარული მოსმენებისა და ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმეზე პარლამენტში იბარებს. ენმ-ის წევრის, ლევან ხაბეიშვილის განცხადებით, ფრაქციიდან შესაბამისი წერილი მოთხოვნის შესახებ დღეს გაიგზავნება.

"ჩვენი ინფორმაციით აღნიშნული [ქოლ-ცენტრების] საქმე გახდა საერთაშორისო გამოძიების ობიექტი, ჩვენ ვფიქრობთ, რომ ამ ადამიანის მიმართ დაიწყება გამოძიება, როგორც ე.წ. კრიშა ამ დანაშაულებრივი სქემისა. სწორედ ამიტომ, ჩვენ ვითხოვთ სუს-ის ხელმძღვანელი ლილუაშვილი, მოვიდეს პარლამენტში თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე", — განაცხადა ხაბეიშვილმა.

ლილუაშვილმა ფორმულას, მთავარი არხისა და ლევან ხაბეიშვილის წინააღმდეგ ქოლ-ცენტრების საქმესთან დაკავშირებით სარჩელი შეიტანა. ტელევიზიის სიუჟეტებში საუბარია სუს-ის უფროსის შესაძლო კავშირებზე ქოლ-ცენტრების დანაშაულებრივ ჯგუფთან. მისი ადვოკატის, მამუკა ღვინიაშვილის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია არის სიცრუე და ცილისწამება.

დღეს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ფინანსთა მინისტრს, ლაშა ხუციშვილს ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმიანობის შესწავლის მიზნით, საგამოძიებო სამსახურის მონაწილეობით, სამუშაო ჯგუფის შექმნა დაავალა. მისი თქმით, ქოლ-ცენტრების სქემაში წინა ხელისუფლების წარმომადგენლები არიან ჩართული და ახლა "შურისძიების მიზნით" ცდილობენ მთავრობის წევრებზე გადაბრალებას.