ჯანდაცვის მინისტრის, ზურაბ აზარაშვილის განცხადებით, რადგან კორონავისურის 200 ათასი აქტიური შემთხვევაა, ოჯახის ექიმები "პრიორიტეტულად" უკავშირდებიან მათ, ვინც განსაკუთრებულ ყურადღებას საჭიროებს. ამის შესახებ მან მთავრობის სხდომის შემდეგ ისაუბრა.

"ოჯახის ექიმები მაქსიმალურად მობილიზებულები არიან, იცით, რომ 2 500-ზე მეტი ოჯახის ექიმია ჩართული და ისინი ცდილობენ, განაწილების მიხედვით, თავიანთ პაციენტებს დაუკავშირდნენ და უკუკავშირი ჰქონდეთ. მაგრამ რადგანაც აქტიური 200 ათასზე მეტი შემთხვევა გვაქვს, იქაც პრიორიტეტულად უკავშირდებიან მათ, ვისაც განსაკუთრებული ყურადღება სჭირდება და არის სხვადასხვა მაღალ რისკთან ან ქრონიკულ დაავადებებთან დაკავშირებული.

აქედან გამომდინარე, შეიძლება, ყველა პაციენტს იმ ძველი მოცემულობით, როგორც ყოველ მეორე დღეს უკავშირდებოდა და მდგომარეობას კითხულობდა, ისე ყოველდღე ვერ დაუკავშირდეს", — განაცხადა მან.

ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, რომ საქართველოში ახლა კორონავირუსის პიკია. ყოველდღიურად დადასტურებული შემთხვევების რაოდენობა იმატებს, მაღალია გარადაცვლილთა რიცხვიც. მოქალაქეები სხვადასხვა სოციალური პლატფორმის საშუალებით ოჯახის ექიმებთან უკუკავშირის პრობლემაზე საუბრობენ.