რუსეთი აგრძელებს უკრაინაში აგრესიას. ამის ფონზე, ექსპერტები ამბობენ, რომ აგრესორი ქვეყნის მიერ წარმოებული საომარი მოქმედებები უკრაინის ატომურ ელექტროსადგურებს სერიოზულ საფრთხეს უქმნის.

მათი შიში არ არის უსაფუძვლო. ამის კარგი მაგალითია ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მიტანილი შეტევა. ბევრი შიშობს, რომ ბრძოლებმა შეიძლება გამოიწვიოს ელექტროსადგურების დაზიანება, რასაც წარმოუდგენლად დამღუპველი შედეგები მოჰყვება მსოფლიოს დიდი ნაწილისთვის.

"სიტუაცია უკრაინაში კვლავ უპრეცედენტოა და მე სერიოზულად შეშფოთებული ვარ. ეს საფრთხეს უქმნის ბირთვულ და სხვა რადიოაქტიურ მასალებს. ნებისმიერ ასეთ ინციდენტს შეიძლება მოჰყვეს მძიმე შედეგები", — ამის შესახებ ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს (IAEA) გენერალურმა დირექტორმა რაფაელ მარიანო გროსიმ განაცხადა.

უკრაინა ამჟამად 15 ატომურ რეაქტორზეა დამოკიდებული, რაც მის ელექტროენერგიის ნახევარზეა პასუხისმგებელი. იქიდან გამომდინარე, რომ ისინი მთელ უკრაინაშია გადანაწილებული, სავსებით შესაძლებელია, რომ ელექტროსადგურები ბრძოლის ეპიცენტრში აღმოჩნდეს. თუ ეს მოხდება, რადიოაქტიური მასალა შეიძლება მოხვდეს ატმოსფეროში და გავრცელდეს მთელ რეგიონში. ეს ძალიან საშიშია.

"ატომური ელექტროსადგურები ძალიან გამძლეა და ისინი შექმნილია, რათა ავიაკატასტროფებსაც კი გაუძლოს. თუმცა, ეს სადგურები ომისთვის არ არის გათვლილი", — თქვა ჯეიმს აკტონმა, ფიზიკოსმა და კარნეგის საერთაშორისო მშვიდობის ფონდის ბირთვული პოლიტიკის პროგრამის თანადირექტორმა.

ასევე: თუ ააფეთქებენ, ჩერნობილზე 10-ჯერ დიდი იქნება — კულება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე

ამის ფონზე, რუსეთი აგრძელებს აგრესიას და თუ ატომური ელექტროსადგურები მნიშვნელოვნად დაზიანდება ეს კიდევ უფრო დიდ პრობლემებს გააჩენს.