ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრის ორგანიზებითა და ესპანურ IE University-ის და ფრანგულ უნივერსიტეტ Audencia Business School-თან თანამშრომლობით, 2022 წლის 2 აპრილს 12 საათიდან 17 საათამდე, სასტუმრო რედისონ ბლუ ივერიაში გაიმართება განათლების საერთაშორისო გამოფენა, რომელიც უმასპინძლებს 15 უნივერსიტეტს 13 ქვეყნიდან. ყველა დაინტერესებულ პირს გამოფენაზე შეეძლება, მიიღოს ამომწურავი ინფორმაცია უნივერსიტეტისა და მისი პროგრამების შესახებ. ასევე, პირადად გაესაუბროს უნივერსიტეტის წარმომადგენლებს და დაუსვას მისთვის საინტერესო კითხვები.

გამოფენაზე ასევე იქნებიან LEAF-ის კონსულტანტები. ამერიკულ-ქართული განათლების ცენტრი LEAF არის 150-ზე მეტი უნივერსიტეტისა და საგანმანათლებლო დაწესებულების წარმომადგენელი საქართველოში.

განათლების გამოფენაში მონაწილეობის მისაღებად, შეგიძლიათ, გაიაროთ რეგისტრაცია შემდეგ ბმულზე: http://logos.edu.ge/leaf/

ფოტო: LEAF

გამოფენის ერთ-ერთი მონაწილის, CBS International Business School-ის (სი-ბი-ეს საერთაშორისო ბიზნესის სკოლა) წარმომადგენელი შარლოტ კრამერი 2020 წლის თებერვალში იმყოფებოდა ვიზიტით თბილისში. უნივერსიტეტმა მიზნად დაისახა ქართული საგანმანათლებლო სივრცის უკეთ შესწავლა და სხვადასხვა სკოლის მოსწავლეებთან შეხვედრა. მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია, შეარჩიონ ისეთი სტუდენტები, რომლებიც წარმატებით დაძლევენ პროგრამას და ახალ სიტყვას იტყვიან ბიზნეს სამყაროში. ამჯერად უნივერსიტეტი ვირტუალურად ბრუნდება პოტენციურ სტუდენტებთან შესახვედრად.

CBS საერთაშორისო ბიზნეს სკოლა 1993 წელს გერმანიაში, ქალაქ კელნში დაარსდა და გამოირჩევა ინგლისურენოვანი პროგრამების ფართო არჩევანით ბიზნესის სფეროში. ის გამოყენებითი მეცნიერებების ერთ-ერთი საუკეთესო უნივერსიტეტია გერმანიაში, რომლის სლოგანია "თქვენი კარიერა ჩვენი ამოცანაა". მისი კამპუსები გერმანიის ულამაზეს ქალაქებში, კელნში, მაინცსა და პოტსდამში მდებარეობს, სადაც მსოფლიოს 75 ეროვნების, დაახლოებით, 1 900-მდე სტუდენტი სწავლობს. CBS-ს პარტნიორული ურთიერთობები აქვს 120-ზე მეტ სხვა უნივერსიტეტთან და მრავალ კომპანიასთან.

უნივერსიტეტი აპლიკანტებს საბაზისო მოსამზადებელ, ეგრეთ წოდებულ Foundation, პროგრამასაც სთავაზობს. პროგრამის ხანგრძლივობა 1 წელია. ბაკალავრიატის საფეხურზე სწავლის ხანგრძლივობა 3 წელია, ხოლო მაგისტრატურის შემთხვევაში — 2. გამონაკლისია საერთაშორისო MBA-ს დაჩქარებული პროგრამა, რომელიც 1 წელი გრძელდება.

საერთაშორისო ბიზნეს სკოლა, როგორც კერძო უნივერსიტეტი, აკრედიტებულია სახელმწიფო დონეზე Wissenschaftsrat-ისა (German Science Council) და the North Rhine-Westphalian Ministry of Science-ის მიერ. გარდა ამისა, პროგრამები აკრედიტებულია FIBAA-ს მიერ (Foundation for International Business Administration Accreditation) German Accreditation Council-ს სახელით და ასევე International Accreditation Council for Business Education (IACBE)-ს მიერ.

შემოთავაზებული საბაკალავრო პროგრამებია:

  • ფინანსები და მართვა
  • ბიზნეს ფსიქოლოგია
  • საერთაშორისო ბიზნესი
  • საერთაშორისო ტურიზმი

შემოთავაზებული სამაგისტრო პროგრამებია:

  • ბიზნეს ფსიქოლოგია
  • ციფრული მარკეტინგი
  • საერთაშორისო ბიზნესი
  • გლობალური ფინანსები

სწავლის საფასური მოსამზადებელ პროგრამაზე არის 10 500 ევრო. საბაკალავრო პროგრამებზე ფასი 13 800 ევროდან 14 500 ევრომდე მერყეობს წელიწადში, ხოლო სამაგისტრო პროგრამებზე — 14 500 ევროდან 23 000 ევრომდე წელიწადში.

CBS დაფინანსებას ხელმისაწვდომს ხდის ევროკავშირის არაწევრი სხვადასხვა ქვეყნიდან მომავალი სტუდენტებისათვის. ამისთვის წინასწარ უნდა მიმართოთ უნივერსიტეტს ამჟამად ხელმისაწვდომი დაფინანსებების შესახებ. აპლიკანტებს ასევე შეუძლიათ, განაცხადი გააკეთონ ერთჯერად 3000-ევროიან თანადაფინანსებაზე.

თქვენ გაქვთ შესაძლებლობა, პირადად შეხვდეთ უნივერსიტეტის წარმომადგენელს და გაესაუბროთ განათლების საერთაშორისო გამოფენაზე სასტუმრო "რედისონ ბლუ ივერიაში" 2 აპრილს, შუადღის 12 საათიდან საღამოს 5 საათამდე. ამისთვის კი, მიჰყევით ბმულს.