NDI-ის მიერ გამოკითხული მოსახლეობა ყველაზე მეტად რუსთავი 2-ის მიერ გადმოცემულ ახალ ამბებს ენდობა. კვლევითმა ორგანიზაციამ რესპონდენტებს შემდეგი კითხვა დაუსვა: რამდენად ენდობით, ან არ ენდობით მიმდინარე მოვლენებისა და ახალი ამბების გაშუქებას შემდეგ სატელევიზიო არხებზე?

პასუხების მიხედვით, რუსთავი 2-ს ენდობა გამოკითხულთა 39 პროცენტი, 31 პროცენტს არხის მიმართ ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს, ხოლო 21 პროცენტი საერთოდ არ ენდობა. გამოკითხულთა 9 პროცენტს კითხვაზე პასუხი არ აქვს.

კვლევის მიხედვით, ტელეკომპანია იმედის ნდობის მაჩვენებელი 31 პროცენტია, 46 პროცენტს ნეიტრალური დამოკიდებულება აქვს, 10 პროცენტი არ ენდობა, ზუსტად იგივე რაოდენობას კი კითხვაზე პასუხი არ აქვს.

საზოგადოებრივ მაუწყებელს ენდობა გამოკითხულთა მხოლოდ 18 პროცენტი, მაესტროს - 20 პროცენტი. რაც შეეხება ივანიშვილის ოჯახის კუთვნილ GDS-ს, მას ნდობის 12 პროცენტიანი მაჩვენებელი აქვს.

NDI-ის გამოკითხვა 2016 წლის 8 ივნისიდან 6 ივლისის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით 4 113 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე, ქვეყნის ქართულენოვან, სომხურენოვან და აზერბაიჯანულენოვან მოსახლეობას შორის ჩატარდა. კვლევაში საშუალო ცდომილების ზღვარი არის +/- 2,1%.

კვლევას აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო თანამშრომლობის განვითარების სააგენტო (SIDA) და ატარებს CRRC-საქართველო.