წლინახევრის ლოკლან ლემპსს თავდაპირველად დედამისის მსგავსად შავი ფერის თმა ჰქონდა, თუმცა 6 თვის შემდეგ ბავშვის ვარცხნილობამ უცნაური ფორმის მიღება დაიწყო. მშობლები ლოკლანის თმას მოფერებით "ატმის ბუსუსებს" ეძახდნენ.

"ჩვენ გაოცებულები ვუყურებდით ერთმანეთს და ვცდილობდით ამოგვეხსნა ეს განსხვავებულობა, ამასთან ერთად თმა იზრდებოდა და კიდევ უფრო იცვლებოდა", — ამბობს ლოკლანის მამა.

9 თვის ლოკს ღია ფერის და "ყალყზე შემდგარი" თმა ჰქონდა. როცა ოჯახის წევრებთან ერთად ამ ფაქტის შემჩნევა სხვებმაც დაიწყეს, დედა განსაკუთრებულად ანერვიულდა: "ღმერთო, ეს რა არის, რა სჭირს ჩემს პატარას?"

ექიმმა ლოკის თმის სტრუქტურის დათვალიერების შემდეგ დაადასტურა, რომ ეს იყო "გაჩეჩილი თმის" სინდრომი, უკიდურესად იშვიათი მდგომარეობა, რომელიც თმის ზრდას ძალიან რბილი და ადვილად მტვრევადი ტექსტურით იწვევს. ლოკი აქამდე აღრიცხული სულ რაღაც 100 შემთხვევიდან ერთ-ერთია.

"ამ დიაგნოზის მოსმენა თავიდან, რა თქმა უნდა, შოკი იყო. თქვენ ცხოვრებას აგრძელებთ და ფიქრობთ, რომ ყველაფერი კარგადაა, რომ თქვენს შვილს შეიძლება ჰქონდეს ხვეული თმა, რაც გენეტიკურადაც შესაძლებელია. ამ ყველაფრის შემდეგ კი იმის გაცნობიერება, რომ არსებობს იშვიათი სინდრომი, რომელიც თქვენს შვილს აქვს, ეს სიგიჟეა", — ამბობს ქეთლინი, ლოკის დედა.

საბედნიეროდ, როგორც ჩანს, სინდრომი გავლენას მხოლოდ ბავშვის თმაზე ახდენს. ექიმებმა თქვეს, რომ ლოკის განვითარება ყველა სტანდარტულ კრიტერიუმს აკმაყოფილებს და ოჯახს სხვა საკითხებზე სანერვიულო აღარ აქვს.

ქეთლინი ცდილობდა, რაც შეიძლება მეტი ინფორმაცია გაეგო სინდრომის შესახებ, მაგრამ მცირე შემთხვევის გამო ინტერნეტშიც რთულია კონკრეტულ თემებზე სიახლეების მოძიება. ლოკის დედამ მაინც შეძლო ისეთი ფეისბუქის ჯგუფის პოვნა, რომელშიც ამ სინდრომის მქონე ბავშვების მშობლები და ახლობლები ერთიანდებოდნენ.

"ეს სივრცე კომფორტის შესანიშნავი წყარო იყო, ჩვენ სურათებს ვუგზავნით ერთმანეთს და ვსაუბრობთ სხვადასხვა საკითხზე. გასაოცარია იმის დანახვა, თუ როგორ იცვლება ბავშვების თმა ასაკთან ერთად — ზოგისთვის იგივე რჩება, სხვების თმა კი ოდნავ უფრო დამყოლი ხდება".

დედამისი აღნიშნავს იმასაც, რომ ლოკისთვის თავის დაბანა ხშირად არ უწევს, რადგან მისი შვილის თმა საერთოდ არ ცხიმიანდება, თუ არ ჩავთვლით გამონაკლის შემთხვევებს, როგორიცაა ტალახში ან ჭუჭყიან ადგილებში თამაში. პატარას თმა იმდენად რბილი და ფაფუკია, რომ მასთან შეხება ყველას უნდება. ადამიანების უმეტესი ნაწილი ამბობს, რომ ლოკი როკვარსკვლავივითაა. მისი განსაკუთრებულობა ხალხში ღიმილსა და დადებით ემოციებს იწვევს, მშობლები კი ცდილობენ, რომ საკუთარი შვილი თავის უნიკალურობაში ბავშვობიდანვე დაარწმუნონ.