28 ივლისის მთავრობის სხდომაზე, ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციისა და მისი სადგომის რეგისტრაციის წესის შესახებ მთავრობის დადგენილების პროექტი დაამტკიცეს. პროექტის მომხსენებელი იყო სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია.

პროექტის თანახმად, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ, 2024 წლის პირველ იანვრამდე, უნდა განახორციელოს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია და მისი სადგომის რეგისტრაცია საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში.

ეს წესი ადგენს ღორის იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის და მისი სადგომის რეგისტრაციის, სადგომის წიგნაკის, მონაცემთა ელექტრონული ბაზის წარმოების წესს, სახელმწიფო კონტროლის განხორციელების პირობებს და შემზღუდავ ღონისძიებებს.

როგორც პროექტის განმარტებით ბარათში წერია, წესი არ ვრცელდება იმ ფიზიკურ პირზე, რომელსაც ჰყავს ერთი ღორი საკუთარი გამოყენებისა და მოხმარებისთვის, ვიდრე არ დაექვემდებარება გადაადგილებას.

ღორის იდენტიფიკაციის მიზანია:

  • ღორის და მისი სადგომის შესახებ ერთიანი საინფორმაციო ბაზის შექმნა და აღრიცხვიანობის რეგულირება.
  • ასევე, ღორის და მისი სადგომის შესახებ სრული ინფორმაციის ფლობა და მიკვლევადობა. ღორის ჯანმრთელობის დაცვა, ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის მართვა და ვეტერინარული კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფა.
  • საზოგადოებრივი ჯანმრთელობის დაცვა და მომხმარებლისათვის სარწმუნო ინფორმაციის მიწოდება ღორისგან მიღებული პროდუქტების წარმოშობისა და უვნებლობის შესახებ.
  • ქვეყნის შიგნით ღორის გადაადგილებასა და ექსპორტ-იმპორტზე ვეტერინარული კონტროლის განხორციელება.
  • სანაშენე საქმიანობის გაუმჯობესება-სრულყოფა.