ტელეარხი HBO-ს წარმომადგენლებმა სერიალის დასრულების შესახებ ახალ ცნობებს ავრცელებენ.

მათი თქმით, მერვე სეზონი Game of Thrones-ის ბოლო იქნება.

ამის შესახებ Enterntainment Weekly-ს არხის პროგრამების პრეზიდენტმა ქეისი ბლაისმა განუცხადა. მისი თქმით, სერიალის დასრულება პროდიუსერებს, დავიდ ბინოფსა და დენ ვეისს სურთ:

"ჩემი ნება რომ იყოს, კიდევ ათ სეზონს დავუკვეთავდი, მაგრამ პროდიუსერებს მკაცრად აქვთ გადაწყვეტილი, რომ სერიალი მერვე სეზონით მორჩეს".

ჟურნალისტმა ე.წ. სპინ-ოფის (იმავე სამყაროში დაფუძნებული სხვა შინაარსის სერიალი) გადაღების შესაძლებლობაზეც ჰკითხა ახალ მენეჯერს - მისი თქმით, საუბრები ამ თემაზეც მიმდინარეობს, მაგრამ კონკრეტული გეგმა არ არსებობს.

ამჟამად Game of Thrones-ის მეშვიდე სეზონის გადაღება მიმდინარეობს, რომლის პრემიერაც მომავალი წლის ზაფხულშია დაგეგმილი.