iPhone 14 Pro-სა და iPhone 14 Pro Max-ის გაყიდვაში ჩაშვებას ჯერ კიდევ რამდენიმე თვე გვაშორებს, ამასობაში კი გაჟონილი ინფორმაციის საფუძველზე შეგვიძლია ვთქვათ, რომ ახალ მოდელებს ბევრი უპირატესობა ექნებათ წინა თაობასთან შედარებით.

წელს სავარაუდოდ Pro მოდელებზე კიდევ უფრო მრავალ გაუმჯობესებას უნდა ველოდოთ, სტანდარტული iPhone 14 კი თითქმის იგივე დარჩება, რაც iPhone 13-ია.

ამ სტატიაში სწორედ Pro მოდელებს განვიხილავთ და აღვწერთ იმ უპირატესობებს, რომელიც გაჟონილ ინფორმაციაზე დაყრდნობით, წინა მოდელებთან შედარებით ექნებათ.

1. აღარ იქნება "შავი კუნძული"

ფოტო: TechRadar

შეიძლება ეს ყველაზე დიდი ცვლილებაცაა — ტელეფონს აღარ ექნება შავი კუნძული ეკრანს ზემოთ.

მომხმარებელი წლებია უკვე ამას ითხოვს, სავარაუდოა რომ სწორედ წელს შესრულდება ეს დაკვეთა.

ალტერნატივამ შეიძლება ყველას მოწონება ვერ დაიმსახუროს, რადგანაც iPhone 14 Pro და Pro Max-ს ორი უფრო მცირე ზომის კუნძული ექნება.

ეს არასრულყოფილი გადაწყვეტაა და გამოდის, რომ ეკრანი მაინც უფრო გადატვირთული იქნება, ვიდრე ანდროიდის ტელეფონთა უმეტესობა, მაგრამ სავარაუდოდ ეს აუცილებელია Apple Face ID სისტემის კომპონენტების მოსათავსებლად.

2. 48 მეგაპიქსელიანი კამერა

ფოტო: TechRadar

Apple-ს ტელეფონზე კამერების ყოველწლიურად გაუმჯობესება არ სჩვევია, თუმცა წელს შეიძლება დიდი ცვლილების მომსწრენი გავხდეთ — დადის ჭორები, რომ კამერის მთავარი სენსორი iPhone 13-ის 12 მეგაპიქსელიანი სენსორისგან განსხვავებით, 48 მეგაპიქსელიანი იქნება.

ეს არის Apple-ის ტელეფონების ისედაც შესანიშნავი ფოტოგრაფიული მონაცემების დიდი გაუმჯობესება. ეს სიახლე კი 8K ვიდეო გადაღებას გახდის შესაძლებელს.

ჯერ გაურკვეველია, რეალურად როგორ შედეგს დადებს ლინზის ცვლილება, თუმცა სხვა ბრენდების მაგალითზე შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ეს დიდი ნახტომი იქნება უკეთესი ფოტოგრაფიული ხარისხისკენ.

3. გაცილებით მეტი სიმძლავრე

ეს ალბათ ყველაზე მოსალოდნელი ნაბიჯია — როგორც iPhone 14 Pro-ს, ასევე Pro Max-ს, სავარაუდოდ, iPhone 13-ზე საგრძნობლად ძლიერი A16 ჩიპი ექნება.

არის შანსი, რომ ტელეფონების ოპერატიული მეხსიერება 6 გიგაბაიტიდან 8 გიგაბაიტამდე გაიზარდოს, თუმცა ეს მხოლოდ ერთ წყაროში იყო ნახსენები, სხვანი კი მის პოზიციას არ იზიარებდნენ.

საგულისხმოა, რომ სტანდარტული iPhone 14 და iPhone 14 Max შეიძლება ამჟამინდელ ჩიპზე დარჩნენ, ამიტომაც ახალი სიმძლავრის გამოსაყენებლად პრო მოდელის ყიდვა მოგიწევთ.

4. მუდამ ჩართული გამოსახულება (Always on Display)

ფოტო: Future

ანდროიდის მრავალ ტელეფონს აქვს მუდამ ჩართული გამოსახულების ფუნქცია, რომელიც დროსა და შეტყობინებებს მაშინაც აჩვენებს, როდესაც ეკრანი გამორთულია. სავარაუდოა, რომ ამ ფუნქციას მალე iPhone 14 Pro მოდელებშიც ვიხილავთ.

სანდო წყარო გვამცნობს, რომ ეს ფუნქცია iOS 16 ში დაემატება იმ ტელეფონებს, რომლებსაც ეკრანის სიხშირის 1 ჰერცამდე დაწევა შეუძლიათ.

5. უფრო დიდი ელემენტი

ყოველთვის გვინდა ტელეფონები უფრო დიდხანს ძლებდნენ, iPhone 14 Pro მოდელები კი სავარაუდოდ ბაზრის ამ დაკვეთასაც შეასრულებენ — არსებობს კულუარული ინფორმაცია, წლევანდელი ელემენტები უფრო დიდი იქნება.

ეს საკვანძო საკითხია Apple-ისთვის, ვინაიდან დანარჩენი გაუმჯობესებული ტექნიკა შეიძლება უფრო მეტ ენერგიასაც მოიხმარდეს.

iPhone 13 Pro Max-ის ელემენტმა გვიჩვენა, Apple-ს შესძლებია შექმნას ტელეფონი ენერგიის ნორმალური მენეჯმენტით, iPhone 14 Pro კი, ელემენტების განახლებული ტექნოლოგიით, როგორც ჩანს, ამ ტრენდს გააგრძელებს.