TI: 5 მიზეზი, თუ რატომ არის ნიკა გვარამიას განაჩენი დაუსაბუთებელი
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოს განცხადებით, მთავარი არხის დამფუძნებლის, ნიკა გვარამიას საქმის განაჩენი კანონიერების, დასაბუთებულობისა და სამართლიანობის კრიტერიუმებს ვერ პასუხობს. ორგანიზაციამ 5 მიზეზი დაასახელა, რატომაც მათი თქმით, განაჩენი დაუსაბუთებელია:
1. მოსამართლის აცილების საკითხი
TI აღნიშნავს, რომ განაჩენი სრულყოფილად არ ასახავს მოსამართლის აცილებასთან დაკავშირებულ საკითხებს. ორგანიზაციის თქმით, 2021 წლის 15 დეკემბერს დაცვის მხარემ მოსამართლის აცილების შუამდგომლობა იმ საფუძვლით დააყენა, რომ ერთ-ერთი დასაკითხი პირი მოსამართლის ახლო მეგობარი და საქმის შედეგით დაინტერესებული იყო — მოსამართლის განმარტებით კი, მისი მეგობარი საქმეში მხოლოდ მოწმის სახით ფიგურირებდა და ეს მოცემულობა არ შეიძლება გამხდარიყო მისი აცილების წინაპირობა.
გარდა ამისა, არასამთავრობოს განცხადებით, განაჩენში მითითებულია, რომ აცილების საკითხი დამოკიდებული არ უნდა იყოს დაცვის მხარის სურვილზე, მოსაზრებასა თუ ჰიპოთეტურ დაშვებაზე და დაცვის მხარეს უნდა წარმოედგინა ფაქტობრივი გარემოება, რომელიც მის მიუკერძოებლობასა და ობიექტურობას ეჭვქეშ დააყენებდა.
TI-ის თქმით, ამის საპირისპიროდ, მოსამართლემ გვერდი აუარა იმ საკითხს, რომ მისი ახლო მეგობარი რუსთავი 2-ის ამჟამინდელი მმართველი მედია ჰოლდინგის დირექტორია.
"ბუნებრივია, ჰოლდინგის დირექტორს ნიკა გვარამიას გამამტყუნებელი განაჩენის მიმართ უნდა ჰქონოდა პირდაპირი ფინანსური დაინტერესება. მიუხედავად იმისა, რომ მოსამართლემ არ უარყო ამ პირთან ახლო მეგობრობისა და რეგულარული კომუნიკაციის ფაქტი, აცილების შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და განაჩენში ეს საკითხი სათანადოდ არც ასახა", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
2. 2015 წლის ეპიზოდი (ე.წ. რეკლამის გაყიდვის საქმე)
TI მიუთითებს, რომ სასამართლომ პროკურატურის მიერ წარდგენილ გაფლანგვის ბრალდებაზე კვალიფიკაცია შეცვალა, ნიკა გვარამია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ 50 000 ოდენობით ჯარიმა განუსაზღვრა.
"სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2015 წლის 16 იანვარს რეკლამის გაყიდვის წესის ცვლილებითა და 2015 წლის სექტემბერ-დეკემბერში წინა წელთან შედარებით ნაკლები შემოსავლის მიღებით ნიკა გვარამიამ ტელეკომპანიის ინტერესების საწინააღმდეგოდ იმოქმედა და მას ზიანი განზრახ მიაყენა", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლომ უგულებელყო მასთან წარდგენილი სასამართლოს მეგობრის არაერთი მოსაზრება, რომელთა მიხედვითაც კომპანიის დირექტორის მიერ მიღებული მსგავსი მენეჯერული გადაწყვეტილების მართლზომიერების შეფასება, პირველ რიგში, კორპორაციულ-სამართლებრივ ჭრილში და დირექტორის უფლება-მოვალეობების მხედველობაში მიღებით უნდა მომხდარიყო.
"კორპორაციული მართვის პროცესში დირექტორისთვის პასუხისმგებლობის დაკისრება, იმ მოტივით, რომ მისმა გადაწყვეტილებამ საწარმოს წინა წლის მსგავსი შემოსავალი არ მოუტანა, ეწინააღმდეგება სამეწარმეო განსჯის წესს.
კომპანიის ინტერესებიდან გამომდინარე, დირექტორს უფლება აქვს მიიღოს სარისკო გადაწყვეტილებები. მას არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა მხოლოდ იმიტომ, რომ მისი გადაწყვეტილება საწარმოსათვის მოგების მომტანი არ აღმოჩნდა. დირექტორის გადაწყვეტილებამ შესაძლოა საწარმოს მოგება არ მოუტანოს, თუმცა იგი გამართლებული იყოს საწარმოს ეფექტიანად ფუნქციონირების გაგრძელებისათვის", — ვკითხულობთ განცხადებაში.
საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველოში აღნიშნავენ, რომ ნიკა გვარამიას სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლებოდა დაკისრებოდა, თუ დადასტურდებოდა, რომ იგი მოქმედებდა ერთპიროვნული გადაწყვეტილების, მისი პირადი დაინტერესების, თაღლითობის, კორუფციული თუ სხვა დანაშაულებრივი ქმედების საფუძველზე.
მათივე თქმით, მოსამართლემ უგულებელყო ფაქტი, რომ რუსთავი 2-ის პარტნიორს (მფლობელს) რეკლამის გაყიდვის წესის ცვლილებასთან დაკავშირებით თანხმობა ჰქონდა გაცხადებული. TI მიიჩნევს, რომ განაჩენში მითითებული არაერთი დასკვნა ზოგადი ხასიათისაა ანდა არ შეიცავს მსჯელობას თუ რა მტკიცებულებებზე დაყრდნობით მივიდა სასამართლო ამ დაშვებამდე.
3. 2019 წლის ეპიზოდი (ე.წ. ავტომანქანის საქმე)
რაც შეეხება 2019 წლის ეპიზოდს, აქ სასამართლომ ნიკა გვარამია უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებაში სცნო დამნაშავედ და სასჯელის სახედ 3 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა — სასამართლომ დადგენილად ჩათვალა, რომ 2019 წელს ნიკა გვარამიამ რუსთავი 2-ის კუთვნილი სარეკლამო დრო საბაზრო ფასზე ნაკლებად გაყიდა, რათა ბარტერის სანაცვლოდ, შუამავალი კომპანიისაგან მისი ოჯახის ფაქტობრივ საკუთრებაში ავტომანქანა მიეღო.
გარდა ამისა, TI მიუთითებს, რომ განაჩენის თანახმად, ნიკა გვარამიასთან წინასწარი შეთანხმებით, შუამავალი კომპანია სამი თვის განმავლობაში განზრახ ამცირებდა რუსთავი 2-ისათვის გადასახდელ თანხას, რის შედეგადაც ტელევიზიამ 2019 წლის აპრილიდან ივლისამდე პერიოდში 66 271 ლარის ზიანი განიცადა.
"წინა ეპიზოდის მსგავსად, მოსამართლეს, პირველ რიგში, არ უმსჯელია კომპანიის დირექტორის ქმედება რამდენად იყო სამეწარმეო სამართლით შესაფასებელი კატეგორია. კერძოდ, მას უნდა დაედგინა მოქმედებდა თუ არა დირექტორი სამეწარმეო განსჯის წესის ფარგლებში და დარღვეული იქნა თუ არა დირექტორის ფიდუციური ვალდებულება (ზრუნვის, კეთილსინდისიერებისა და ერთგულების მოვალეობა).
მხოლოდ აღნიშნული საკითხების შემოწმებისა და დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი იმის შეფასება, თუ რამდენად არსებობდა სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებისთვის რელევანტური საფუძველი", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის თქმით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ავტომობილის ფაქტობრივ მფლობელობაში მიღებასთან დაკავშირებით სასამართლო წინააღმდეგობრივ დასკვნას აკეთებს. მათი განცხადებით, მოსამართლე განმარტავს, რომ ნიკა გვარამიას შეეძლო ავტომობილი პრემიის სახით მიეღო, თუმცა მან კომპანიისათვის საზიანო დანაშაულებრივი სქემა აირჩია. TI გაუგებარს უწოდებს, რატომ უნდა გაუჩნდეს ადამიანს დანაშაულის ჩადენის განზრახვა იმ შედეგის მისაღწევად, რაც მას კანონიერი გზითაც შეუძლია მიიღოს.
"მოსამართლის განმარტებით, პრემიის გამოწერის გზით ავტომანქანის მიღება მართლზომიერი იქნებოდა, ხოლო ხელშეკრულების დადებით რუსთავი 2-ს მატერიალური ზიანი მიადგა. გაუგებარია, როგორ მივიდა სასამართლო ამ დასკვნამდე, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ პრემიის მიღების შემთხვევაში ტელეკომპანიას შესაძლოა ნაკლები შემოსავალი მიეღო", — აღნიშნავენ ორგანიზაციაში.
მათივე განცხადებით, სასამართლომ არ იმსჯელა ნიკა გვარამიას მოტივაციასა და განზრახვის ელემენტზე. TI-ში ამბობენ, რომ ამ საკითხზე განაჩენში სიღრმისეული და საკმარისი დასაბუთება არ არის.
4. სასჯელის დანიშვნა
ნიკა გვარამიას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით დადგა. 2015 წლის ეპიზოდზე, სადაც ბრალდების მტკიცებით ზიანმა 6 763 509 ლარი შეადგინა, მოსამართლემ სასჯელის სახედ 50 000 ლარის ოდენობის ჯარიმა გამოიყენა. ხოლო, 2019 წლის ეპიზოდზე, სადაც ბრალდების მტკიცებით ზიანმა 66 271 ლარი შეადგინა, ნიკა გვარამიას 3 წლისა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
TI-ის თქმით, სასჯელის დანიშვნისას მოსამართლის მსჯელობა არის ზოგადი და აბსტრაქტული, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაუსაბუთებელი და არაპროპორციული. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ მოსამართლის მიერ სასჯელის დანიშვნა უნდა ემყარებოდეს კანონიერების, სამართლიანობისა და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპებს.
"საპატიმრო სასჯელის განსაზღვრა შეიძლება მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება, თავისუფლების აღკვეთის გარდა, სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას, გამასწორებელ სამუშაოს და შინაპატიმრობას", — ნათქვამია განცხადებაში.
ორგანიზაციის განცხადებით, სასამართლო სასჯელის განსაზღვრის დასაბუთებას მხოლოდ ერთ აბზაცს უთმობს — მოსამართლემ განმარტა, რომ ჯარიმის დაკისრება არ იყო მიზანშეწონილი, რადგან ნიკა გვარამიამ ჯარიმის გადახდაზე დეკლარირებულად განაცხადა უარი, ხოლო შინაპატიმრობის გამოყენებით ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი ვერ იქნებოდა დაზღვეული.
"ამგვარი განმარტება არ შეიძლება ჩაითვალოს სარწმუნო დასაბუთებად, რადგან, 2015 წლის ეპიზოდში მოსამართლემ სასჯელის სახედ სწორედ ჯარიმა გამოიყენა. გაუგებარია, ბრალდებულის განმარტებამ როგორ მოახდინა გავლენა მხოლოდ ერთ ეპიზოდზე სასჯელის დანიშვნაზე.
გარდა ამისა, 2015 წლის ეპიზოდზე, სადაც ბრალდების მტკიცებით, ტელეკომპანიისთვის მიყენებული ზიანი დაახლოებით 100-ჯერ მეტი იყო, მოსამართლემ ჯარიმა გამოიყენა. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ჯარიმის დანიშვნისა და ნიკა გვარამიას მიერ მისი გადაუხდელობის შემთხვევაში სამომავლოდ შესაძლებელი იქნებოდა უფრო მკაცრი სასჯელის გამოყენების სამართლებრივი შესაძლებლობა", — ამბობენ TI-ში.
რაც შეეხება შინაპატიმრობის გამოყენების მიზანშეუწონლობას, TI-ის შეფასებით, გაუგებარია სასამართლო რომელი დანაშაულის ჩადენის რისკზე მიუთითებს. მათი თქმით, იგი მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლება, რაც არ შეიძლება ჩაითვალოს საკმარის და დამაჯერებელ დასაბუთებად.
"გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ ნიკა გვარამიას აღკვეთის ღონისძიების სახედ გირაო ჰქონდა შეფარდებული და საქმის თითქმის სამწლიანი განხილვის განმავლობაში მას გირაოს პირობები არ დაურღვევია", — ვკითხულობთ განცხადებაში.
5. სასამართლოს მეგობრის მოსაზრებების კრიტიკა
TI-ის თქმით, საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, რამდენიმე სასამართლოს მეგობრის მოსაზრება იქნა წარდგენილი — სასამართლოს შეხედულებით, მოსაზრებები ვერ პასუხობდა მიუკერძოებლობის კრიტერიუმს, რადგან მოსაზრებების წარდგენის წინადადებით დაცვის მხარემ მიმართა (სახალხო დამცველის გარდა) და ავტორებმა საქმის მასალებიც დაცვის მხარისგან მიიღეს.
ორგანიზაციის განცხადებით, იმის გათვალისწინებით, რომ მოსაზრების ავტორისთვის საქმის მასალების შესასწავლად გადაცემა მხოლოდ ბრალდების ან დაცვის მხარეს შეუძლია, მოსამართლის ლოგიკით, მოსაზრება რომელიმე მხარის სასარგებლოდ ყოველთვის სუბიექტური იქნება.
"გარდა ამისა, სასამართლოს აზრით, მოსაზრებებში განვითარებული ცალკეული შეფასებები სუბიექტური იყო და მიზნად ისახავდა დაცვის მხარის მხარდაჭერას. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლომ არ დააკონკრეტა რომელი მოსაზრების რომელი შეფასება ჩათვალა მიკერძოებულად და მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა", — აღნიშნულია TI-ის განცხადებაში.
მათი შეფასებით, გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ სასამართლო უფლებამოსილი იყო სასამართლოში ზეპირი განმარტების მისაცემად გამოეძახებინა მოსაზრების ავტორები, რა გზითაც მხარეებსა და სასამართლოს მიეცემოდათ შინაარსთან დაკავშირებით კითხვების დასმისა და სუბიექტურობასთან დაკავშირებული ეჭვების გაქარწყლების შესაძლებლობა.
TI-ში ამბობენ, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოსაზრების ავტორთა გამოძახებაზე მხარის მიერ შუამდგომლობაც იქნა დაყენებული, მოსამართლემ ეს მოთხოვნა არ დააკმაყოფილა — სასამართლომ განაჩენში განმარტა, რომ მიზანშეუწონლად მიიჩნია მოსაზრების ავტორების სასამართლოში გამოძახება, თუმცა არ დააკონკრეტა რა გახდა ამ გადაწყვეტილების მიღების მიზეზი.
-
გადახედვაახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით ახალგაზრდა კაცი თვალის არეშია დაჭრილი სავარაუდოდ, რეზინის ტყვიით
-
გადახედვამოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია მოვუწოდებთ შსს-ს, უარი თქვას კანონსაწინააღმდეგო, ღირსების შემლახავ ძალადობრივ პრაქტიკაზე — საია
-
გადახედვაპარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა პარლამენტში უსაფრთხოების წითელი დონე ამოქმედდა
-
გადახედვამამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
-
გადახედვაფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები ფოტოებში: აქციაზე დაშავებული მშვიდობიანი დემონსტრანტები
-
გადახედვაფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში ფონ დერ ლაიენი: დიდი შეშფოთებით ვაკვირდები საქართველოში არსებულ ვითარებას და ვგმობ ძალადობას თბილისის ქუჩებში
-
გადახედვავითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ ვითარება რუსთაველზე — ვრცელდება ინფორმაცია რეზინის ტყვიების გამოყენების შესახებ
-
გადახედვამაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე მაკა ჩიკვილაძე მთავრობას: ჩვენ, ომში დაღუპული ჯარისკაცების ოჯახის წევრები, გთხოვთ, ნუ აღმართავთ ხელს ახალგაზრდა თაობაზე
-
გადახედვაშსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით შსს-ს განცხადება დემონსტრანტების წინააღმდეგ წყლის ჭავლისა და წიწაკის სპრეის გამოყენებასთან დაკავშირებით
-
გადახედვააქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს აქციის მონაწილეთა ნაწილს "ქართული ოცნების" ოფისისკენ, ნაწილს კი — კანცელარიისკენ გადასვლისკენ მოუწოდეს
-
-
გადახედვამამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება მამუკა მდინარაძეს დღეს კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია, მან სასწრაფო ოპერაცია გაიკეთა — რადიო თავისუფლება
-
-
გადახედვა"დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება "დროა, ურთიერთობებმა ქუჩიდან მოლაპარაკების მაგიდასთან უნდა გადაინაცვლოს" — საპატრიარქოს განცხადება
-
გადახედვაშსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს შსს განცხადებას ავრცელებს — რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატები შენობიდან სამართალდამცველების დახმარებით გაიყვანეს
-
გადახედვასია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ სია: ოცნების 83 დეპუტატი, რომლებიც რუსულ კანონს კენჭისყრაზე მხარს უჭერენ
-
გადახედვადეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ დეპუტატები მალე პარლამენტს დატოვებენ, აქციის მონაწილეები პარლამენტის გვერდითა ქუჩებზე ინაცვლებენ
-
გადახედვარა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ რა არის წიწაკის სპრეი და როგორ მოვიქცეთ, თუ შეგვასხამენ
-
გადახედვა9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული 9 აპრილის ქუჩაზე დიდი რაოდენობის სპეცრაზმი და საპოლიციო ძალებია მობილიზებული
-
გადახედვაროგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა როგორ დავიცვათ ციფრული მონაცემები საპროტესტო აქციაზე — 5 რჩევა
-
გადახედვაშსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები" შსს: "მოვუწოდებთ პარლამენტთან შეკრებილებს, არ დაუშვან საავტომობილო გზების პარალიზება და ძალადობრივი მოწოდებები"
კომენტარები