გიორგი ჭიბოშვილი ფეისბუქზე წერს, რომ მანქანის ნომრები მას არ ეკუთვნის მსგავსი არასდროს არაფერი სდებია საბარგულში.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მოქალაქემ პოლიციას მიმართა.

  • როგორც მან სამართალდამცველებს განუმარტა, მანქანა გუშინ სახლთან დაკეტილი დატოვა, ნომრები კი დღეს დილით აღმოაჩინა.
  • ჭიბოშვილის თქმით, რუსეთის მოქალაქესთან შეხება არ ჰქონია.

დეტალები: მოქალაქე ყვება, რომ თავდაპირველად მანქანის დაშვებული საბურავი შენიშნა და ხელსაწყოს ამოსაღებად საბარგული გახსა.

  • მისი თქმით, საბარგულში რუსულ გაზეთში გახვეული 11 სანომრე ნიშანი იპოვა.
  • ის ფორმულას უყვება, რომ 2 წელია ეს მანქანა ნაქირავები აქვს და მხოლოდ ის სარგებლობს, თუმცა ავტომობილის მესაკუთრე თავად არ არის.
  • მისი თქმით, მანქანასთან პრობლემები ამ დრომდე არ ჰქონია და მომხდარზე ეჭვი არც მანქანის მესაკუთრეზე მიაქვს.

გარდა ამისა, ჭიბოშვილი ამბობს, რომ პოლიტიკურად აქტიურად ცხოვრობს და შესაძლოა ნომრების საბარგულში ჩადების მოტივი ეს ყოფილიყო.

  • "შესაძლებელია მაგაზეც მივიტანო ეჭვი, რომ ვინმეს აწყობდეს რამე შარში გავეხვიო", — აცხადებს ჭიბოშვილი ფორმულასთან.

On.ge დამატებითი ინფორმაციისთვის შსს-ს დაუკავშირდა და მათ პასუხს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.