დარწმუნებული ვარ, The Lumineers-ის სახელი ერთხელ მაინც გექნებათ გაგონილი. ამერიკულმა ინდიფოლკ ჯგუფმა წინა ათწლეულში არაერთი ცნობილი ჰიტი შექმნა, მათ შორის, Ho Hey, Sleep On The Floor და Cleopatra. ამ უკანასკნელს განსაკუთრებული წარმატება ხვდა წილად — ბენდის მეორე სტუდიური ალბომის სახელწოდებად იქცა და სხვადასხვა ქვეყნის ჩარტებშიც აღმოჩნდა. სპოტიფაიზე სიმღერას დღესდღეობით 240 მილიონზე მეტი "სტრიმი" აქვს. თუმცა, იცოდით, რომ ამ ჰიტის შთაგონების წყაროდ ქართველი ქალი, ტაქსის თბილისელი მძღოლი, იქცა?

ყველაფერი იმით დაიწყო, რომ The Lumineers-ის სოლისტი, უესლი შულცი, ცოლთან ერთად საქართველოში ჩამოვიდა. მისი ცოლი, ბრენდი, აქ თავის საკურსო თემაზე მუშაობდა. სწორედ საქართველოში ყოფნისას გაიცნო წყვილმა ქალი, სახელად მანანა, რომელიც თბილისში ტაქსის მძღოლად მუშაობდა.

"ტაქსის მართავდა და მაგარი ტიპი იყო — აეროპორტში დაგხვდებოდა, ხელში სიგარეტით და ფეხებს შორის ლუდის ქილით", — ჰყვება შულცი.

მომღერლის თქმით, ინსტაგრამისა და ცხოვრების ყალბად ასახვის ტენდეციის ეპოქაში მანანა მისთვის რეალისტურობის განსახიერებად იქცა.

"იგი თანაგრძნობას არ ითხოვდა და ცხოვრებას მედეგი შეუპოვრობით უყურებდა", — ამბობს მომღერალი.

ტაქსის მძღოლით მოხიბლულმა წყვილმა მანანას ცხოვრებისეული ამბავიც მოისმინა და სწორედ ეს იქცა ახალი სიმღერისთვის ინსპირაციად.

"16 წლის იყო, ბიჭი რომ შეუყვარდა", — ჰყვება მანანას ამბავს შულცი, — "თუმცა, მაშინ, როცა ბიჭმა დაქორწინება შესთავაზა, მამამისი გარდაიცვალა, მანანამ კი ვერ უპასუხა. ასე რომ, ბიჭი გულგატეხილი და უარყოფილი გაშორდა და პატარა ქალაქიდან წავიდა. ქალს იგი აღარასდროს უნახავს. წასვლისას ბიჭს ნოხზე თურმე ტალახის კვალი დაუტოვებია, მანანას კი ის აღარც გაურეცხავს".

როცა ჩემს საწოლთან ჩაიმუხლე და ხელი მთხოვე,
შავ კაბაში გამოწყობილს გული მომეწურა.
მამაჩემი რომ სასახლეში იწვა, არანაირი ჩანაფიქრი აღარ მქონია.
მერე კი ნაკვალევი დარჩა, ნოხზე დამჩნეული ტალახი,
რომელმაც გული ისე დამიმძიმა, როგორც შენმა წასვლამ.

The Lumineers, Cleopatra

ასე დაიბადა მომავალი მსოფლიო ჰიტის იდეა. სიმღერა, სახელწოდებით კლეოპატრა, რომელიც მანანას ისტორიას ჰყვება, 2016 წელს გამოვიდა. ჯგუფის ბევრი სხვა სიმღერისგან განსხვავებით, მის ტექსტში პროტაგონისტი ქალია, რომელსაც ეგვიპტის დედოფლის სახელი ჰქვია. ეს ერთგვარი ალუზიაა კლეოპატრაზე, როგორც ახალგაზრდული ამბიციის არქეტიპზე.

"ხშირად გვეკითხებიან, რატომ კლეოპატრა", — ამბობს შულცი, — "ეს სახელი სიმღერას ყველაზე მეტად შეეფერებოდა, რადგან მასში თავდაჯერებულ ახალგაზრდა გოგოს ვხვდებით. თუმცა, როცა წლების შემდეგ იგი ამ დროს იხსენებს, ხვდება, რომ ახალგაზრდობაში ყველანი სხვადასხვა ნიღაბს ვირგებთ მსახიობებივით. მეტისმეტად გვჯერა სამყაროსი და საკუთარი თავის, მაგრამ ამ რწმენის გასამტკიცებლად გამოცდილება არ გვყოფნის".

ასე რომ, ახლა ტაქსის ვმართავ, მოძრაობა კი ყურადღებას მატანინებს
უკანა სავარძელზე მსხდომი მგზავრებიდან, რომლებიც შენს თავს მახსენებენ.

The Lumineers, Cleopatra

"შესაფერისი ადამიანი შეუფერებელ დროს" — სწორედ ეს იდეა გააცოცხლა მანანას ისტორიასთან ერთად The Lumineers-ის სიმღერამ.

"ეს ლამაზი, რომანტიკული და იმედის მომცემი ამბავია, თუმცა, ამავდროულად, ტრაგიკულიც", — აცხადებს ამერიკული ჯგუფის სოლისტი, — "თუკი [მანანა] ოდესმე ამ სიმღერას მოისმენს, მინდა, მისით დაფასება იგრძნოს".

დავაგვიანე, დავაგვიანე, ჩემი ცხოვრების სიყვარულს ვერ მივუსწარი,
და როცა მარტო მოვკვდები, ეს დროულად მოხდება.

The Lumineers, Cleopatra

ბრენდი შულცი კი საქართველოში წლების შემდეგ, 2022 წლის ზაფხულში ისევ დაბრუნდა — ამჯერად შვილებთან ერთად. ქვეყნით მოხიბლულმა თავის ინსტაგრამზე მოგზაურობის ამსახველი ფოტოებიც გაგვიზიარა.