20 არასამთავრობო ორგანიზაცია აცხადებს, რომ ქართული ოცნების მხრიდან ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართ წარმოებული აგრესიული კამპანია საგანგაშო ნიშნულს მიუახლოვდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: მათივე თქმით, ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივი კონტროლის გათიშვის მიზანი ავტორიტარიზმის კიდევ ერთი მკაფიო გამოვლინებაა და მისი ფორმირების შეუქცევად დინებაზე მიანიშნებს.

NGO-ების განცხადებით, მას შემდეგ, რაც ქართულმა ოცნებამ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განსაზღვრულ 12 პუნქტის შესრულებაზე მისსავე შექმნილ სამუშაო ჯგუფში სამართლიანი არჩევნების მონაწილეობა დაბლოკა მმართველი პარტია სამოქალაქო სექტორს თავს დაესხა.

  • განცხადებაში აღნიშნულია, რომ კობახიძის თავდასხმა არასამთავრობოების კომპეტენციაზე, კეთილსინდისიერებაზე, მათი დახარისხება, ხელისუფლებისთვის მიუღებელი NGO-ების შავი სიის შექმნა "ოცნების" მცდელობაა ხელისუფლებაზე საზოგადოებრივი კონტროლი გაანეიტრალოს.
  • ისინი მიუთითებენ, რომ მმართველი პარტია იმ ინდივიდებსა თუ ორგანიზაციებს ესხმის თავს, რომლებიც ხელისუფლების საქმიანობას აქტიურად აკვირდებიან, აკრიტიკებენ სახიფათო პოლიტიკას და ა.შ.

კონტექსტი: არასამთავრობო ორგანიზაციებს მიაჩნიათ, რომ ქართული ოცნება იაზრებს შედეგს, თუმცა მსგავსი რიტორიკითა და ნაბიჯებით მიზანმიმართულად ცდილობს მოშალოს ყველა ბერკეტი, რომელიც საქართველოს დემოკრატიული განვითარებისთვის სასიცოცხლოდ სჭირდება.

განცხადებაზე ხელმომწერი არასამთავრობო ორგანიზაციების სრული სია შეგიძლიათ იხილოთ აქ.