ბოლო 5-6 თვის განმავლობაში, საღამოს 9-დან 10 საათამდე პარლამენტთან თუ ჩაგივლიათ, აუცილებლად შეამჩნევდით ახალგაზრდების ჯგუფს, რომლებიც დგანან და აპროტესტებენ. არც ბანერი აქვთ, არც პლაკატები და არც მოწოდებები. თუ მიხვალთ, გულთბილად მიგიღებენ და მოგისმენენ. მათ პროტესტს ჯიუტი ჰქვია, მონაწილეები კი ჯიუტები არიან.

როგორ და რატომ გაჯიუტდნენ

პროტესტის ამ ფორმით გამოხატვა უკრაინაში რუსეთის შეჭრიდან მალევე დაიწყეს. როგორც ამბობენ, სწორედ ამის შემდეგ გამოჩნდა, რომ საქართველოს მთავრობა წმინდად პრორუსულია.

ლაშა ჯანჯღავა

ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge

"ვიფიქრეთ, შევთანხმდით, რომ მოდი ყოველდღე, 9 საათზე შევიკრიბოთ პარლამენტთან და ამ ფორმით გავაპროტესტოთ მთავრობის ეს ანტიევროპული, პრორუსული გზა", — ამბობს ერთ-ერთი ჯიუტი, ლაშა ჯანჯღავა.

ფიქრობს, რომ ქვეყანაში ყველა პროტესტის მთავარი მიზეზი პრორუსული ხელისუფლებაა, ამიტომ ყველაფერს სოლიდარობას უცხადებენ, რაც ხდება და რასაც სოლიდარობა სჭირდება.

"ყველაფერი იქამდე მიდის საბოლოოდ, რომ მთლიანად მოსაშლელია ეს ხელისუფლება", — ამბობს ის.

დავით შელია

ფოტო: გვანცა სეთურიძე / On.ge

იდეა რამდენიმე ადამიანს გაუჩნდა. თავიდან ფეისბუქგვერდიც არ ჰქონდათ და სოციალურ ქსელში ჰეშთეგებით აქვეყნებდნენ ფოტოებს, აზიარებდნენ, ავრცელებდნენ. შემდეგ სხვებიც გაჯიუტდნენ. ახლა ჯგუფში 100-ზე მეტი წევრი ყავთ.

დავით შელია ჯიუტებში სკოლიდან მოხვდა. ის სამოქალაქო განათლებას ასწავლის. როგორც გვიყვება, მოსწავლეებთან აქტივიზმზე მოუწია საუბარი და მიხვდა, რომ თვითონ ამას არ აკეთებდა.

"ვხედავდი, რომ იკრიბებოდნენ და ვიფიქრე, მივალ ვნახავ რა ხდება".

რა ხდება 9-დან 10 საათამდე

ამბობენ, რომ ეს 1 საათი საკმაოდ მალე გადის, რადგან ყოველთვის აქვთ გეგმა. აწყობენ ლექციებს, გაკვეთილებს, საუბრობენ, თამაშობენ. თემები მრავალფეროვანია. ერთ-ერთი პირველი ლექცია იოგაზე ჰქონდათ, რამაც პოლიციელების გაკვირვებაც გამოიწვია.

"ჩემი მეგობარი არის იოგი. შევთანხმდით, რომ ჩაატარებდა იოგაზე ლექციას, შევიკრიბეთ, მეგაფონი და რაღაცები გვეჭირა. ერთი პოლიციელი მოვიდა. გვიყურებს და რაზე ვლაპარაკობთ? იოგაზე, მანტრებზე, მედიტაციაზე. უფროსს გადასცა, აქ იოგაზე ლაპარაკობენო. უფროსი მოვიდა, იმანაც ვიღაცას გადასცა და სულ უფროსი მოვიდა. გაოცებული იყვნენ", — გვიყვება ლაშა ჯანჯღავა.

ოთხშაბათს გაკვეთილების დღეა. მაგალითად, ერთ-ერთი ჯიუტი დანარჩენებს ადამიანის უფლებებზე უზიარებს ცოდნას.

თამაშობენ ფრენბურთს, სხვა სამოქალაქო მოძრაობებთან ერთად გეგმავენ აქტივისტებთან, პოლიტიკოსებთან შეხვედრასაც, 18 აგვისტოს მათ გირჩი — მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე ეწვია. ისაუბრეს რუსეთის მოქალაქეების საქართველოში უკონტროლო შემოსვლაზე, არჩევნებზე, სამოქალაქო საზოგადოების როლზე, რესურსებზე.

ზურაბ ჯაფარიძის შეხვედრა ჯიუტებთან

ფოტო: ჯიუტი GEUT / Facebook

ინტერვიუზე რომ მივაკითხეთ, ის საღამო დაგეგმვისა აღმოჩნდა. ჯიუტებმა დაგეგმეს და დააანონსეს საჯარო შეხვედრა დროას დამფუძნებელ ელენე ხოშტარიასთან, რომელიც 30 აგვისტოს ჩატარდება, ტრადიციულად, საღამოს 9 საათზე, პარლამენტთან.

შაბათს გართობის დღე აქვთ. ამაზე პასუხისმგებელი მეგი შამათავაა, 22 წლის იურისტი.

"ერთი თამაშია, ადამიანისა და ქალაქის სახელების თქმა არ შეიძლება. მხოლოდ არსებითი სახელები უნდა თქვა და ძალიან სწრაფად. უნდა ახტე და დახტომამდე მოასწრო თქმა. რა ასოზეც იწყება თამაში, შემდეგმაც იმ ასოზე უნდა თქვას სიტყვა, თუმცა ერთ წრეში ერთი და იგივე სიტყვა არ უნდა განმეორდეს. სასაცილოა ხოლმე, რადგან ბევრჯერ ისეთი რამე წამოგვცდა, რასაც ალბათ, არ ვიტყოდით. მაგალითად, "ჰელიკოპტერ'', — გვიყვება მეგი.

მეგი შამათავა

ფოტო: გვანცა სეთურიძე /On.ge

გართობა მოიცავს ბურთით თამაშსაც. სწორედ ბურთი იყო ჯიუტის პირველი საკუთრება, რომელიც იყიდეს და პარლამენტთან მიიტანეს. პატრულმა მათ უთხრა, რომ იქ ბურთით თამაში კანონდარღვევა არაა, მაგრამ ლამაზი არ არისო. ჯიუტები ვერ მიხვდნენ, რა იყო ბურთში ულამაზო.

გვიყვებიან, რომ ეს სივრცე ყველას აზრის მოსასმენადაა შექმნილი. მაგალითად, მათთან ხშირად მიდის ერთი ადამიანი, რომელსაც პრორუსად და სტალინის მოყვარულად გვიხასიათებენ. ჯიუტები მასაც ელაპარაკებიან და უხსნიან. ესაუბრებიან პატრულის თანამშრომლებსაც.

"თავიდან, სანამ გაგვიცნობდნენ, აქ პატრულის მანქანა იდგა ხოლმე. მივდიოდით და ვესაუბრებოდით. ჩვენი ერთი მეგობარი მიდიოდა, დაუკაკუნებდა, გადმოვიდოდა პატრული, ესაუბრებოდა რაღაც თემებზე — "ხელფასი გყოფნით?", "რას ფიქრობ ამაზე?" და ა.შ.

ერთ-ერთმა უთხრა აქ ვერ გესაუბრები, სამწუხაროდ, მეგობაროვო და შემდეგ ჰქონდათ შეხვედრა", — გვიყვებიან ჯიუტები.

მათი მეთოდი სწორედ ესაა — საუბარი. ფიქრობენ, რომ სისტემის შესაცვლელად მის თითოეულ წევრთან საუბარი იმუშავებს.

"იმ წუთას თუ არ დაგეთანხმა, დაფიქრდება მაინც. შეიძლება, იდეალისტურად ჟღერდეს, მაგრამ მგონია, რომ რაღაც შედეგს გამოიღებს", — ამბობს ლაშა ჯანჯღავა.

როდემდე აპირებენ პარლამენტთან ჯიუტად დგომას

ამბობენ, რომ სანამ მიზანს არ მიაღწევენ, პროტესტს არ შეწყვეტენ. არ იციან რა გამოწვევების წინაშე დადგება ქვეყანა, ბუნდოვანია რა იქნება მომავალში და შეიძლება, 1 კი არა 24 საათის განმავლობაში მოუწიოთ პარლამენტთან დგომა.

დავით შელია გვეუბნება, რომ ძალიან მცირეა ისეთი ჯგუფები, სადაც ერთმანეთს არ ლანძღავენ და თანამოქალაქეები მტრები არ ჰგონიათ, ამიტომ სანამ ამ ადამიანებს იგივე იდეები ექნებათ, რაც ახლა აქვთ, მათთან აპირებს ყოფნას.

"გუნდურად თამაში უნდა ვისწავლოთ მთელმა სახელმწიფომ. ერთ სივრცეში გვიწევს ცხოვრება, სხვანაირად არ გამოვა. რაც უფრო ვებრძვით ერთმანეთს, მით უფრო ვასუსტებთ ჩვენს სახელმწიფოს, ასე გამოდის", — ამბობს ის.

კითხვაზე, ყველაზე მეტი რამდენი შეკრებილან, გვპასუხობენ, რომ თავებს არ ითვლიან. მიუხედავად იმისა, რომ არ თანხმდებიან იმაზე, ვინ მივა კონკრეტულ დღეს დანიშნულების ადგილას, გაჯიუტების შემდეგ ერთი დღეც არ გასულა ისე, რომ პარლამენტთან ვინმე არ ყოფილიყო.

როგორც ფეისბუქზე ყოველდღე გვეუბნებიან, ხვალაც მივლენ. იმიტომ, რომ ჯიუტები არიან.

ფოტო: ჯიუტი GEUT / FB