ფაქტის ამსახველი ვიდეო თავდაპირველად Tik Tok-ზე გავრცელდა. როგორც ჩანს, მას რამდენიმე პირი იღებდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ეს საქართველოში რუსეთის დროშის აღმართვის პირველი შეთხვევა არაა. რამდენიმე კვირის წინ მოქალაქემ ჩაქვში, ერთ-ერთ ეზოში დაკიდებული დროშის ფოტო გაავრცელა.

  • ვიდეოში მოქალაქე რუსულ ენაზე ამბობს, რომ "საქართველომ უნდა იცხოვროს რუსეთის დროშის ქვეშ" და იყენებს ჩეჩნეთის ლიდერის, რამზან კადიროვის ლოზუნგს "ახმათ სილა".

დეტალები: ქუთაისის მოსწავლე ახალგაზრდობის პარკის დირექტორის მოადგილე, ტარიელ მეტონიძე მთავარ არხთან ამბობს, რომ შემთხვევა არასამუშაო დროს მოხდა.

  • მისი თქმით, ფაქტს დაცვის თანამშრომელი შეესწრო, რის შემდეგაც მოქალაქეს მიმართა, მან დროშა დაკეცა და წაიღო.
  • მეტონიძე ამბობს, რომ სარემონტო სამუშაოების გამო სათვალთვალო კამერები არ მუშაობს და არც პოლიციისთვის მიუმართავთ.

ქუთაისის მერია აცხადებს, რომ მუნიციპალური ინსპექციის მიერ მოქალაქე იდენტიფიცირებულია.

  • მერიის თქმით, მის მიმართ შედგენილია ოქმი საქართველოს ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 150-ე მუხლის 2 პრიმა ნაწილით.
  • აღნიშნული მუხლი ითვალისწინებს სხვადასხვა სახის წარწერის, ნახატების, სიმბოლოების თვითნებურად შესრულებას ადმინისტრაციული ორგანოების შენობათა ფასადებზე, აგრეთვე მათ მიმდებარე ტერიტორიაზე, მათ შორის, ფეხით მოსიარულეთა და სატრანსპორტო საშუალებების სავალ ნაწილზე.
  • მერია განმარტავს, რომ ფაქტი 29 აგვისტოს მოხდა და მიმდინარეობდა მოქალაქის იდენტიფიცირება.