ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედიები ოფიციალურ უწყებებზე დაყრდნობით ავრცელებენ.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ევროპაში ყველაზე დიდი ატომურ ელექტროსადგურს მარტის დასაწყისიდან ოკუპანტები აკონტროლებენ, ობიექტი არაერთხელ დაიბომბა, რაც საფრთხეს კიდევ უფრო ზრდის.

  • უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი რუსეთს "ბირთვულ შანტაჟში" ადანაშაულებს ელექტროსადგურში დაძაბულობის გამო;
  • ოფიციალური კიევის თქმით, რუსეთმა კომპლექსში 500-მდე ჯარისკაცი განათავსა, რომლებიც მას ფარად იყენებენ უკრაინის ქალაქებზე თავდასხმების განსახორციელებლად.

დეტალები: უკრაინსკა პრავდა წერს, რომ ოკუპანტების თავდასხმის შედეგად მოქმედი მე-5 ბლოკი გაითიშა, დაზიანდა სარეზერვო ენერგიის წყარო და გააქტიურდა მეორე ენერგობლოკი.

  • ქალაქის ძლიერი დაბომბვის შესახებ ინფორმაციის მიუხედავად, ელექტროსადგურზე ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ექსპერტები გაემგზავრნენ;
  • Unian-ის ცნობით, რუსებმა ცეცხლი იმ მარშრუტსაც გაუხსნეს, რომელიც IAEA-ს მისიისთვის იყო შეთანხმებული;
  • პარალელურად, რუსეთი ამტკიცებს, რომ IAEA-ს წარმომადგენლები თითქოს უკრაინულმა მხარემ შეაფერხა და ახლა მათთან კონტაქტი არ აქვთ.

დაზვერვის ცნობით, მისიის ჩამოსვლის დღეს საოკუპაციო ძალები ხალხის შეკრებას აპირებენ, რათა მათ შეუქმნან წარმოდგენა, რომ ოკუპანტების ქმედებებს სრულად უჭერენ მხარს.

  • მედია წერს, რომ ელექტროსადგურის თანამშრომლების ნაწილი გაუჩინარდა და მათი ბედი უცნობია;
  • დაზვერვის ინფორმაციით, იქ დარჩენილები რეპრესიებში ჰყავთ, ხოლო ნაწილს, სხვადასხვა მიზეზის გამო, ოკუპანტებთან თანამშრომლობაზე დათანხმება მოუწია.