დილიდან მთელს ქვეყანაში განგაშის სიგნალია გააქტიურებული, კერძოდ, 8-ის ნახევარზე იბომბებოდა უკრაინის მთელი ტერიტორია ოკუპირებული ყირიმის გარდა. პრეზიდენტმა კი მოუწოდა მოქალაქეებს, რომ არ დატოვონ თავშესაფრები.

რატომ არის მნიშვნელოვანი: რუსეთი ფროტნის ხაზზე წარმატებას ვერ აღწევს და უკან დახევა უწევს, როგორც ჩანს, შურისძიება მშვიდობიანი მოსახლეობის და საცხოვრებელი კორპუსების დაბომბვით გადაწყვიტეს. მათი სამიზნეა ინფრასტრუქტურული ობიექტებიც.

  • არსებობს ვარაუდი, რომ ეს პასუხია ყირიმის ხიდის აფეთქებაზეც, რაც კრემლისთვის მძიმე პოლიტიკური დარტყმა იყო.
საჰაერო განგაშის რუკა

საჰაერო განგაშის რუკა

დეტალები: დღეს მორიგი სარაკეტო იერიშის სამიზნე გახდა ქალაქი ზაპოროჟიე, რომელიც დიდი ხანია ინტენსიურად იბომბება. დედაქალაქი კიევი და მისი შემოგარენიც. ასევე:

კიევში თავდასხმას 5 ადამიანი ემსხვერპლა. პრეზიდენტის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ რაკეტები ქალაქის ცენტრში მდებარე საბავშვო პარკს და მუზეუმებს მოხვდა, დაზიანებულია ფილარმონიის შენობაც.

ხარკოვში ამ ეტაპზე 3 სარაკეტო დარტყმის შესახებაა ცნობილი, რომლებმაც კრიტიკული ინფრასტრუქტურა დააზიანა.

  • რამდენიმე დასახლებაში არ არის შუქი და წყალი.

ნიკოლაევში დაბომბვის 3 ტალღა იყო. სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ისროლეს 47 რაკეტა.

  • მისივე თქმით, 8 ირანულმა კამიკაძე დრონმა უკრაინის საზღვარი ბელარუსიდან გადმოკვეთა.

ლვოვში, რომელიც უკრაინის ერთ-ერთი ყველაზე შორეული ქალაქია რუსებისთვის, სროლების გამო სკოლები დახურეს.

  • ქალაქში მობილური კავშირი ხარვეზებით მუშაობს.

ფოტო: Pavlo Palamarchuk / Reuters / Scanpix / LETA

ზაპოროჟიეში სროლას ისევ მსხვერპლი მოჰყვა. დაშავებულია 5 ადამიანი, რომელთაგანაც 1 ბავშვია.

უკრაინის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ მტერი დაისჯება იმ ტკივილისა და ტანჯვისთვის, რაც უკრაინელ ხალხს მიუტანა და ამისთვის სამაგიეროს აუცილებლად გადაიხდიან.

  • თავდაცვის მინისტრის რამდენიმე საათის წინანდელი ინფორმაციით, რუსებმა 75 რაკეტა ისროლეს, რომლიდანაც 41-ის ჩამოგდება მოახერხეს.

ზელენსკიმ განაცხადა, რომ რუსული თავდასხმების სამიზნე ინფრასტრუქტურა და ხალხია და ასეთი დრო და ასეთი სამიზნეები სპეციალურად შეირჩა, რომ რაც შეიძლება მეტი ზიანი მიეყენებინათ.

  • "ყოველთვის გახსოვდეთ: უკრაინა იყო ამ მტრის გამოჩენამდე, უკრაინა იქნება მის შემდეგ", — თქვა პრეზიდენტმა და დაბომბვის შემდეგ კიევის ცენტრიდან გადაღებული ვიდეო გამოაქვეყნა.