უკრაინელი ლტოლვილების წერილი ერთ-ერთ ფეისბუქჯგუფში გავრცელდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: ნათქვამია, რომ ისინი უკვე მესამე თვეა, რაც დაპირებულ ფულად დახმარებას უშედეგოდ ელოდებიან.

  • უკრაინელი ლტოლვილები წერილით პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს მიმართავენ და ქართველ ხალხს აქამდე გაწეული დახმარებისთვის მადლობას უხდიან.
  • "ჩვენ, უკრაინის მოქალაქეები, რომლებიც ბედის პერიპეტიებმა გვაიძულეს ლტოლვილები გავმხდარიყავით ჩვენი სამშობლოს წინააღმდეგ რუსული აგრესიის დაწყების შემდეგ მოგმართავს თანაგრძნობითა და ქველმოქმედების თხოვნით და იმედით".

ავტორები ამბობენ, რომ აქ ჩამოსვლის შემდეგ საცხოვრებლისა და ფინანსური შემწეობის მიღების პირობა მიიღეს, შემდეგ კი შეაგროვეს საბუთები და შესაბამის განყოფილებას გადასცეს.

  • მათი თქმით, კერძო მესაკუთრეებისგან ბინების ქირაობა მოუწიათ და სამი თვეა დაპირებული დახმარების მოლოდინში არიან.
  • როგორც ისინი ამბობენ, დაგვიანებული მიზეზების გარკვევისას უთხრეს, რომ ეს არა ნაქირავებ ბინებში, არამედ მხოლოდ სასტუმროებში მცხოვრებებს ეძლევათ, მოგვიანებით კი გაირკვა, რომ შემწეობა არც სასტუმროში მცხოვრებებს მიუღიათ.
  • "თქვენ თვითონ გესმით, რომ ჩვენს მდგომარეობაში, ჩვენი შვილებისთვის ეს სასიცოცხლო მნიშვნელობის საკითხია. წინასწარ გიხდით მადლობას, თანაგრძნობისა და დახმარებისთვის", — აღნიშნულია წერილში.

ჯანდაცვის პასუხი: უწყება დევნილთა სააგენტოს პასუხს ავრცელებს და ამბობს, რომ უკრაინელთა სოციალური დახმარება 180 ათასი ლარით, ბინით უზრუნველყოფა 200 ათასით, გაწეული სამედიცინო სერვისებისთვის კი 800 ათასით დაფინანსდა.

  • განცხადების მიხედვით, უკრაინის მოქალაქე და უკრაინაში მუდმივი ცხოვრების უფლების მქონე ყველა პირი, რომელიც 15 ივლისის მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს და მათ დახმარებისთვის მიმართა, დაკმაყოფილებულია.
  • "პროგრამის განხორციელების პროცესში არანაირი შეფერხება არ არსებობს და დღეის მდგომარეობით, 2064 ოჯახს (4050 პირს) დახმარება უკვე გაეწია".

გარდა ამისა, ამბობენ, რომ 25 ოქტომბერს გამართულ მთავრობის სხდომაზე 6 თვის გახანგრძლივდა მათი სოციალურ-ეკონომიკური მხარდაჭერის პროგრამა.

  • მათივე თქმით, სახელმწიფო პროგრამის პარალელურად, დევნილთა სააგენტო აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უკრაინის მოქალაქეების დახმარების პროცესი კოორდინირებულად მიმდინარეობს.
  • უწყებაში თქვეს, რომ წერილში მითითებული პირებიდან, სააგენტოდან ფინანსური დახმარება სრულად მიღებული აქვს უკრაინის 10 მოქალაქეს, რომლებიც მთავრობის განკარგულებით განსაზღვრულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს.