რუს პოლიტიკოსს, კონსტანტინე ზატულინსა და ცნობილ პროპაგანდისტს მარგარიტა სიმონიანს, გავრცელებული ცნობით, სომხეთში შესვლა აეკრძალათ.

სამშაბათს კონსტანტინე ზატულინს, რუსეთის დუმას წარმომადგენელს მიგრაციისა და მოქალაქეობის საკითხებში, სომხეთის პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა დეპარტამენტმა აცნობა, რომ მისი სომხეთში ყოფნა "არასასურველია".

მომდევნო დღეს რუსული სახელმწიფო მედია RT-ის მთავარმა რედაქტორმა მარგარიტა სიმონიანმა განაცხადა, რომ სომხეთში შესვლა მასაც აეკრძალა. მან ზატულინს სომხეთის "გულმხურვალე მხარდამჭერი" უწოდა. სომხეთის ხელისუფლებას სიმონიანის განცხადებაზე კომენტარი არ გაუკეთებია.

ზატულინისათვის გაგზავნილ წერილში ნათქვამია, რომ მისმა ბოლო საჯარო განცხადებებმა "სახელმწიფოებს შორის მეგობრული და მოკავშირე ურთიერთობების განვითარებას" ხელი შეუშალა. ზატულინმა გადაწყვეტილებას "შეურაცხმყოფელი" უწოდა.

ზატულინი მკაცრად აკრიტიკებდა ფაშინიანის მთავრობას, განსაკუთრებით 44-დღიან ომში ქვეყნის დამარცხების შემდეგ.

მაღალჩინოსანმა ცოტა ხნის წინ ისიც განაცხადა, რომ სომხეთი აზერბაიჯანისათვის სომხეთის გავლით "სუვერენული" დერეფნის შექმნას დათანხმდა. განცხადება არ შეესაბამებოდა სომხეთის მიერ ხშირად გამოთქმულ პოზიციას, რომ სომხეთის "სუვერენული საზღვრები" განხილვის თემა არ უნდა იყოს.

შესვლის აკრძალვასთან დაკავშირებით სომხეთში აზრი გაიყო: საზოგადოების ერთი ნაწილი მკაცრად აკრიტიკებს მთავრობას და ამ ქმედებას "პროვოკაციას" უწოდებს.

სხვები გადაწყვეტილებას იწონებენ. დანიელ იოანისიანი, სომხური უფლებამდამცველი ჯგუფის, ინფორმირებული მოქალაქეთა კავშირის პროექტის კოორდინატორი პროპაგანდისტებისათვის დაწესებულ შეზღუდვას "ისტორიული ნაბიჯის დასაწყისს" უწოდებს და ამბობს, რომ ზატულინს შეუძლია "ბაქოში ან მოსკოვში მოჰყვეს ზღაპრები იმასთან დაკავშირებით, რომ სომხეთი ვალდებულია, რუსეთს ან აზერბაიჯანს დერეფანი შეუქმნას".

ოთხშაბათს ზატულინმა მხარდამჭერი შეტყობინებების სურათები გამოაქვეყნა. მისი თქმით, ეს წერილები სომხებისაგან აკრძალვის ამბის გასაჯაროების შემდეგ მიიღო. პოლიტიკოსი აცხადებს, რომ მთავრობის გადაწყვეტილებით გაბრაზებულმა მოქალაქეებმა მას "ათასობით" შეტყობინება გაუგზავნეს.

გასულ წელს სომხეთის ხელისუფლებამ სომხეთის დიასპორის რამდენიმე წარმომადგენელს პოლიტიკური ოპოზიციის მხარდაჭერის გამო ქვეყანაში შესვლა აუკრძალა. მათ შორის იყო საფრანგეთის დიასპორის ცნობილი ლიდერი, რომელიც პრემიერ-მინისტრ ფაშინიანის წინააღმდეგ თავდასხმაში მონაწილეობაში დაადანაშაულეს.

სტატიაში წარმოდგენილი შეხედულებები ეკუთვნის ავტორს და არ წარმოადგენს On.ge-ის პოზიციას. მასალა ქვეყნდება OC Media-სთან პარტნიორობის ფარგლებში, რომლის შედეგად, გამოცემის სტატიები ამიერიდან ოთხ ენაზე გავრცელდება. საქართველოში OC Media-ს პარტნიორი On.ge-ა.