ილონ მასკის კომპანია SpaceX-ის მიერ შექმნილი რაკეტა Falcon Heavy, რომელიც მსოფლიოში უმძლავრესია, დედამიწის ორბიტაზე წარმატებით გაუშვეს, აღსანიშნავია, რომ ეს ამ აპარატისთვის ბოლო 3 წელში პირველი მისია იყო.

Falcon Heavy ფლორიდაში მდებარე კენედის სახელობის კოსმოსური ცენტრიდან აფრინდა. მან ჩვენი პლანეტის ორბიტაზე, 35 400 კილომეტრის მოშორებით ტვირთი უნდა აიტანოს. ერთ ერთი მათგანი გასაიდუმლოებული ხელოვნური თანამგზავრი USSF-44 გახლავთ, რომლის შესახებაც აშშ-ის კოსმოსურ ძალებს საკმარისი ინფორმაცია არ გაუვრცელებია. მეორე კი მცირე ზომის სატელიტი, სახელად Tetra-1 არის, რომელიც Boeing-ის შვილობილი კომპანიის, Millennium Space Systems-ის მიერაა შექმნილი.

ფოტო: SpaceX

ეს Falcon Heavy-სთვის რიგით მე-4 გაშვება იყო. მისი დებიუტი 2018 წელს შედგა, როცა მან კოსმოსში ილონ მასკის Tesla Roadster და კოსმოსურ კოსტიუმში გამოწყობილი მანეკენი გაიყვანა.

ამ ტიპის რაკეტის მონაწილეობით უკანასკნელი მისია 2019 წლის ივნისში განხორციელდა. მას შემდეგ აპარატის გაშვებას ხელი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეულმა პრობლემებმა შეუშალა. თუმცა, როგორც ვხედავთ, ის 3-წლიანი შუალედის შემდეგ დაბრუნდა.

უნდა ითქვას, რომ აფრენიდან 2.5 წუთში რაკეტას 2 გვერდითა ამაჩქარებელი გამოეყო და გაშვების ადგილთან ახლოს, კანავერალის კონცხისკენ სინქრონულად გაემართა. მთავარი ამაჩქარებელი 4 წუთში განცალკევდა და ატლანტის ოკეანისკენ აიღო გეზი.

გვერდითა ამაჩქარებლები ხმელეთზე აფრენიდან დაახლოებით 10 წუთში, ვერტიკალურად დაეშვა, რაც კომპანიისთვის 151-ე წარმატებული მცდელობა იყო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.