ქრონიკული დამბლა უმძიმესი მდგომარეობაა, როცა ადამიანს სხეულის მოძრაობა არ შეუძლია და მგრძნობელობა დაკარგული აქვს.

სამწუხაროდ, არ არსებობს აბსოლუტური მეთოდი, რომელიც ამ ნევროლოგიურ დარღვევას შველის, რაც სიტუაციას უფრო ამძიმებს. ფიზიკური და მორალური ტანჯვა, რომელსაც ქრონიკული დამბლის მქონე პაციენტი განიცდის, წარმოუდგენელია. Nature-ში 2017 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, ნაწილობრივ პარალიზებული პაციენტების 22, ხოლო სრულად პარალიზებული პაციენტების 36% სუიციდური ხდება.

მიუხედავად ამისა, მკვლევრების საერთაშორისო ჯგუფმა, ცოტა ხნის წინ, ზურგის ტვინის მძიმე დაზიანების (SCI) მქონე 9 ადამიანს ხელახლა გავლის შესაძლებლობა მისცა. ისინი ამბობენ, რომ აღმოაჩინეს ნეირონები, რომელთაც შეუძლიათ SCI-ის მქონე ადამიანებს შანსი მისცენ. ეს ახალი და საინტერესო მიგნება ქრონიკული დამბლის მქონე ადამიანებისათვის იმედისმომცემია.

ქრონიკული დამბლის ელექტრული სტიმულაციით მკურნალობა

ელექტრული სტიმულაციით მკურნალობის შემდეგ 9 პაციენტმა გავლა შეძლო

ფოტო: NeuroRestore-Jimmy Ravier

ქრონიკულ დამბლას ზურგის ტვინის დაზიანება იწვევს, შესაბამისად, სხეული სრულად ან ნაწილობრივ კარგავს მგრძნობელობას ან მოძრაობის უნარს. როგორც უკვე ვახსენეთ, უნივერსალური მკურნალობის მეთოდი არ არსებობს, თუმცა ხელმისაწვდომია თერაპიები, რომელთაც პაციენტის მდგომარეობის ნაწილობრივი გაუმჯობესება შეუძლიათ. ეპიდურული ელექტრული სტიმულაცია (EES) ერთ-ერთი ასეთი მიდგომაა, რომლის ფარგლებშიც ექიმები ზურგის ტვინის კონკრეტულ რეგიონში ელექტროდებს ათავსებენ, რათა პაციენტს მოძრაობის შესაძლებლობა მიეცეს.

ეს ელექტროდები აღადგენენ ელექტრული იმპულსის დარღვეულ გადაცემას ზურგის ტვინის ზედა და ქვედა ნაწილს შორის. EES-ის პარალელურად, პაციენტი ფიზიოთერაპიის კურსსაც გადის, რაც სშუალებას აძლევს, აღადგინოს სხეულის მოძრაობა ნაწილობრივ მაინც. კვლევის ფარგლებში, მეცნიერებმა EES თერაპია 9 პაციენტს ჩაუტარეს.

მკურნალობისა და რეაბილიტაციის 5 თვის განმავლობაში, სუბიექტებმა ხელახლა გავლა შეძლეს. მსგავსი წარმატებით ექსპერიმენტები აქამდეც ჩატარებულა, თუმცა ამ შემთხვევაში მკვლევრებმა ერთი საინტერესო დაკვირვებაც აწარმოეს. მათ შენიშნეს, რომ სიარულის უნარის დაბრუნებასთან ერთად პაციენტების ზურგის ტვინის ქვედა ნაწილში ნეირონულმა აქტივობამ იკლო.

ამან მათ უბიძგა, რომ შეესწავლათ ნეირონული ცვლილებები, რომლებიც ელექტრული სტიმულაციით მკურნალობას თან ახლავს.

რომელი ნეირონები აძლევს ადამიანს ხელახლა გავლის საშუალებას

EEC რეაბილიტაცია თაგვისა და ადამიანის მოდელებზე

ფოტო: Kathe et al., 2022/Nature

მკვლევრებმა ადამიანის EES რეაბილიტაციის ანალოგიური თაგვის მოდელის შექმნა გადაწყვიტეს.

"ცხრა პაციენტში სიარულის თანმიმდევრულმა აღდგენამ აჩვენა, რომ EESREHAB ზურგის ტვინს ცვლის. ჩვენ ვივარაუდეთ, რომ ეს ცვლილება შეიძლება სიარულის დროს ნეირონების აქტივობაზე აისახოს. EESREHAB-ში მონაწილე ნეირონული სუბპოპულაციების იდენტიფიცირებას პრეკლინიკური მოდელი დასჭირდება, რომლის ფარგლებშიც გენეტიკურად განსაზღვრულ ნეირონულ სუბპოპულაციებს დავახარისხებთ, გავაანალიზებთ და მათზე მანიპულაციებს ჩავატარებთ. შესაბამისად, ჩვენ შევქმენით თაგვებზე აგებული სტრუქტურა, რათა EESREHAB-ის ძირითადი ტექნოლოგიური და თერაპიული თავისებურებები გამოვცადოთ", — განაცხადეს კვლევის ავტორებმა.

მკვლევრებმა თაგვის მოდელში ზურგის ტვინის ნეირონების გენეტიკური ექსპრესიაც შეისწავლეს. ამ პროცესში მათ ზურგის ტვინის ქვედა ნაწილში შენიშნეს აღმგზნები ნეირონი, რომელიც, როცა აქტიურდებოდა, მოდელს ზურგის ტვინის დაზიანების შემდეგ გავლის საშუალებას აძლევდა. განსაკუთრებით საინტერესო ისაა, რომ ეს SCVsx2::Hoxa10 ნეირონები ჯანმრთელ ადამიანებში, სიარულისას არ არის საჭირო.

აღმოჩენა შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ SCVsx2::Hoxa10 ნეირონები აღდგენაზე ორიენტირებული უჯრედები არიან, რომლებიც EES თერაპიის დროს აქტიურდებიან, აღადგენენ გაწყვეტილ ნეირონულ კავშირს და აძლევენ ქრონიკული დამბლის მქონე პაციენტს გავლის საშუალებას.

მკვლევრებს სწამთ, რომ ჩვენს ნერვულ სისტემაში სხვა მსგავსი ნეირონებიც არიან, რომლებიც აღდგენის პროცესს შეუწყობენ ხელს. შესაბამისად, ელექტრული სტიმულაციის თერაპიის გავლენის გასაგებად დამატებითი კვლევების ჩატარება აუცილებელია.

კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.