ლელოს ლიდერის, ბადრი ჯაფარიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებების შეშურდებოდა ქართველი ზღაპრების გმირს, ქოსატყუილასაც კი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: პრემიერმინისტრის თქმით, ანაკლიის პორტი სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება და 51%-იანი წილის მფლობელი სახელმწიფო იქნება.

  • ღარიბაშვილმა ისაუბრა "ანაკლიის განვითარების კონსორციუმზე" და ე.წ. ინვესტორი უწოდა, რომელსაც ანაკლიის პორტი უნდა აეშენებინა.
  • თქვა, რომ მამუკა ხაზარაძესა და ბადრი ჯაფარიძეს მხოლოდ 3 მილიონი დოლარი აქვთ დახარჯული, ინვესტორებისგან კი მოზიდული ჰქონდათ 20-25 მლნ.

პასუხად ლელოს ლიდერმა თქვა, რომ სინამდვილეში ანაკლიაში იქნა ინვესტირებული 75 მილიონი დოლარი, რაც არის საერთაშორისო აუდიტორის მიერ დადასტურებული და ეს ციფრი და ეს დოკუმენტაცია არის ეკონომიკის სამინისტროში.

  • ისაუბრა იმაზეც, რომ თავად და ხაზარაძემ არა 3 მილიონი დოლარი, არამედ 40 მილიონი ჩადეს.
  • "თავი უნდა შეეწუხებინა და მოეთხოვა ეკონომიკის სამინისტროდან რეალური ინვესტიციის ოდენობა, რომელიც დადასტურებული აქვს მაღალ რეპუტაციის კომპანიას", — თქვა მან.
  • ჯაფარიძის განცხადებით, ქართული ოცნების პირობებში, ანაკლიის ღრმა წყლოვანი პორტის პროექტის განხორციელება არ მოხდება.

დეტალები: ჯაფარიძის თქმით, ის, რომ დღეს ანაკლიაში მაცხოვრებელ ადამიანებს დიდი პრობლემა აქვთ შექმნილი, არის ქართული ოცნების ხელისუფლებისა და მთავრობის მიზეზით.

  • აღნიშნავს, რომ უკვე მეოთხე წელია მიმდინარეობს მისი და მამუკა ხაზარაძის სამართლებრივი დევნა, რას სწორედ იმ მიზნით ხდება, რომ მათი რეპუტაცია შელახულიყო.
  • მისი განცხადებით, კიდევ ერთი ტყუილია, რომ კონსორციუმი ითხოვდა სახელმწიფოსგან გარანტიას, სანაცვლოდ კი არაფერს არ სთავაზობდა.
  • "ევროკავშირის კომისართან ჩვენ შევთანხმდით, რომ ევროკავშირი უზრუნველყოფდა ანაკლიის პროექტისათვის 50 მილიონი ევროს გარანტიას. ოღონდ ამ გარანტიას უზრუნველყოფდა, თუკი სახელმწიფოც უზრუნველყოფდა 50 მილიონი დოლარის გარანტიას და თუკი, ჩვენ უზრუნველყოფდით 50 მილიონი დოლარის გარანტიას, რაზეც ჩვენ თანხმობა მივეცით და მთავრობამ თქვა უარი. მიუხედავად იმისა, რომ კონსორციუმი მზად იყო ამ 50 მილიონი გარანტიის სანაცვლოდ, უზრუნველყოფა მიეცა მთავრობისთვის და პროექტში მონაწილეობა დაეთმო;
  • "ღარიბაშვილისგან ვისმენთ, რომ თურმე მიიღო გადაწყვეტილება, რომ ახლა სახელმწიფო ჩადებს ანაკლიაში პროექტს, ანუ ხუთჯერ მეტ ინვესტიციას განახორციელებს ანაკლიაში, იმ დროს, როცა 50 მილიონიან გარანტიაზე უარი თქვა, ევროკავშირის წინადადებას უარი უთხრა", — თქვა ჯაფარიძემ.

არქივიდან: ანაკლიაში შავი ზღვის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობაზე საქართველოს მთავრობასა და ანაკლიის განვითარების კონსორციუმს შორის ხელშეკრულება 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმდა.

  • საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილების საფუძველზე, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან ხელშეკრულება ოფიციალურად 2020 წლის 9 იანვარს შეწყდა.
  • რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში მიზეზად კონსორციუმის მხრიდან აღებული ვალდებულებები შეუსრულებლობა დაასახელეს.