როგორც ჩანს, ჰუნები არ იყვნენ სასტიკი ბარბაროსები, რომლებსაც მხოლოდ "ოქროს უსაზღვრო წყურვილი", ამოძრავებდათ. არადა სწორედ ამას ვარაუდობდა აქამდე ბევრი ისტორიკოსი.

ახალი კვლევა, რომელიც მაშინდელი კლიმატის მონაცემებს ეყრდნობა, ვარაუდობს, რომ ეს ნახევრად მომთაბარე ხალხი იძულებული იყო რომში შეჭრილიყო. მათ სხვა არჩევანი არ ჰქონდათ, დანარჩენ შემთხვევაში ისინი უბრალოდ შიმშილით დაიხოცებოდნენ.

ჩეხეთისა და ბავარიის მუხის ხეების ზრდის ხაზებში ჩაწერილი ბუნებრივი მონაცემების მიხედვით, მეხუთე საუკუნის დასაწყისი უნგრეთის დაბლობზე აღინიშნა ძალიან მშრალი ზაფხულით.

კემბრიჯის უნივერსიტეტის არქეოლოგების თქმით, 420-სა და 450 წლებს შორის, ევრაზიის სტეპებზე მცხოვრებ ადამიანებს არ გაუმართლათ და საშინელმა კლიმატმა უწიათ. მაშინდელი გვალვა ჰუნ ტომებს მიწათმოქმედებასა და შინაური ცხოველების მოვლას ძალიან გაურთულებდა.

მართლაც, უნგრეთის სტეპებზე აღმოჩენილი უძველესი ადამიანის კბილის ნაშთების მიხედვით, ჰუნებს თავიანთი დიეტის შეცვლა მოუწიათ. როგორც ჩანს, მათ სწრაფად უწევდათ ადაპტირება იმ საკვებზე რაც მაშინ ფიზიკურად მოიპოვებოდა. ამან სავარაუდოდ სოციალური წყობილებებიც არია.

"თუ რესურსების დეფიციტი ძალიან საგრძნობი გახდებოდა, ეს სოციალურ წყობილებაზეც აისახებოდა. ეს მასიურ გადინებას გამოიწვევდა", — განმარტავს არქეოლოგი სიუზან ჰაკენბეკი.

ატილა სწორედ ამ დროს ხდება ჰუნების ლიდერი. მას ხშირად სასტიკი ომის წამოწყებაში ადანაშაულებენ. რომაელი ისტორიკოსების თქმით, ჰუნების ლიდერი მზარდ და უსამართლო მოთხოვნებს უყენებდა რომაელებს ოქროსა და მიწებთან დაკავშირებით. ამ მიზეზით ის რომის ქალაქ-სახელმწიფოებს სასტიკად არბევდა.

მიუხედავად იმისა, რომ ატილას ხშირად ახასიათებენ, როგორც ხარბ ლიდერს, რომელიც რომის ცივილიზაციას ბოროტებად მოევლინა, მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მისი თავდასხმები აღმოსავლეთ საზღვარზე მოხდა კარპატების აუზში მზარდი გვალვების დროს.

თავდაპირველად ჰუნებსა და რომაელებს შორის ურთიერთობა ორმხრივად მომგებიანი იყო, მაგრამ მათი თანამშრომლობა 440-იან წლებში წყდება. გვალვის წლებში, როდესაც საძოვრები მწირი იყო, ექსპერტები თვლიან, რომ ჰუნი მწყემსები "სასტიკ ბარბაროსებად" იძულებით იქცნენ.

"თუ ამ მოვლენების თარიღები სანდოა, მაშინ ჰუნების ყველაზე დამანგრეველი რეიდები 447, 451-სა და 452 წლებში მოხდა. ეს კი, როგორც ჩვენი კვლევით ჩანს, უკიდურესად მშრალ ზაფხულებს ემთხვევა", — წერენ მკვლევრები კემბრიჯიდან.

ამ ჰიპოთეზის რეალურად დასადასტურებლად კიდევ სხვა არქეოლოგიური მტკიცებულებები იქნება საჭირო, შესაბამისად ამ მხრივ კვლევები შემდგომშიც გაგრძელდება. თუ ავტორები მართლები არიან, ატილას ძალადობა რომის იმპერიის მიმართ შეიძლება ყოფილიყო საკუთარი ხალხისთვის სიცოცხლის შენარჩუნების უკანასკნელი მცდელობა.

ამ დროის რომაული ჩანაწერები, აღნიშნავენ, რომ ატილამ იმპერიისგან მიწა მდინარე დუნაის გასწვრივ მოითხოვა. ჭალის ეს ველები კარგი ადგილი იყო ცხვრების, აქლემებისა და ცხენების საძოვრებისთვის.

რომის პროვინციებისგან ოქროს მოპოვების ნაცვლად, მკვლევრები ეჭვობენ, რომ ატილას თავდასხმები გვალვის დროს საკვებისა და საძოვრების მოსაძიებლად ხდებოდა.

ატილას მეფობის დროს ჰუნები შეიჭრნენ გალიასა და ჩრდილოეთ იტალიაში. საბოლოოდ მათ ქალაქი მილანიც აიღეს. 453 წელს ატილას მოულოდნელმა სიკვდილმა მის ვაჟებში ძალაუფლებისთვის ბრძოლას დაუდო სათავე. მომდევნო წელს კი ჰუნები სასტიკად დამარცხდნენ.

ისტორია, როგორც ყოველთვის, გამარჯვებულებმა დაწერეს. ძირითადად რომაული ტექსტების გამო, ჰუნები დღეს არიან ცნობილი, როგორც უხეში, შეუხედავი, აგრესიული და სასტიკი ხალხი. ისტორია მათზე კარგს ცოტას თუ ამბობს.

ახლა კი ახალი კვლევა გვეუბნება, რომ ჰუნებისთვის ეს უბრალოდ გადარჩენის საკითხი იყო და მათ ფიზიკურად სხვა არჩევანი არ გააჩნდათ.

ჰუნების ეს უარყოფითი სახე დღემდე არსებობს. მიუხედავად ამისა, მრავალი თვალსაზრისით, ხის რგოლები უფრო ობიექტური ჩანაწერია, ვიდრე რომაელი ისტორიკოსები, რომლებიც ბუნებრივია სუბიექტურები იქნებოდნენ.

"კლიმატი ცვლის რა გარემოს, შეუძლია შეცვალოს ადამიანების სოციალური თუ პოლიტიკური წყობილებებიც. ისტორიის ეს მაგალითი გვიჩვენებს, რომ ადამიანები რეაგირებენ კლიმატის ცვლილებებზე რთული და არაპროგნოზირებადი გზებით", — ამბობენ მკვლევრები.

კვლევა ჟურნალ Roman Archaeology-ში გამოქვეყნდა.