Euphoria-ს მესამე სეზონით დაბრუნებას მთელი მსოფლიო სულმოუთქმელად ელოდება, თუმცა ვიდრე ეს ბედნიერი დღე დადგება, შეგვიძლია, ზენდეიას ახალ ინტერვიუში ვეძებოთ მისი გმირის მომავლის განვითარების სავარაუდო სცენარები. მსახიობმა, უპირველეს ყოვლისა, შოუს მეორე, ხშირად შოკისმომგვრელ სეზონზე ისაუბრა და თქვა, რომ თავდაპირველად უფრო ნაღვლიანი დასასრული იყო ჩაფიქრებული, თუმცა შემდეგ ეს გადაწყვეტილება შეცვალეს.

"გაცილებით ნაღვლიანი დასასრული უნდა ჰქონოდა ამ სეზონს, მაგრამ ჩვენ ვფიქრობდით, რომ რუს ასეთ მდგომარეობაში ვერ მივატოვებდით, საამისოდ ზედმეტად მნიშვნელოვანი გახდა ის ჩვენთვის," — განაცხადა მსახიობმა. —"ადამიანებს გვჭირდება ცოტა იმედი. გვჭირდება, რომ რაღაც კარგს მოველოდეთ, სიკეთეს და სიხარულს, და შესაძლებლობას, იპოვო ეს ყველაფერი ძალიან მტკივნეულ პერიოდში. მინდა, ხალხმა იცოდეს, რომ რუში არის რაღაც ლამაზი შინაგანად, მიუხედავად იმისა, ხედავს ის ამას თუ არა."

ზენდეიასთან ერთად ინტერვიუს კითხვებს მსახიობები სიდნი სვინი, ჰანტერ შაფერი და მოდ აპატოუც პასუხობდნენ. კესიზე საუბრისას სიდნიმ განაცხადა, რომ მისი გმირის მომავალს ოჯახში ხედავს: "კესი ყველგან ოჯახს ეძებს, მეგობრებშიც, ბიჭებშიც." მოდ აპატოუ ფიქრობს, ლექსისთვის ოპტიმალური მომავალი "საკუთარი თავისგან და ნეგატიური ფიქრებისგან გათავისუფლება იქნება. მას შემდეგ, რაც ამას დაძლევ, შეგიძლია, შენი პოტენციალის სრულად რეალიზება. იმედი მაქვს, საკუთარ თავზე თავდასხმას შეწყვეტს." ჰანტერის თქმით კი, ჯულსი უბრალოდ ადამიანებთან კავშირსა და სიახლოვეს ეძებს, თუმცა საკუთარ პასუხისმგებლობას ვერ იაზრებს: "ყველა ამ გმირს თავისი ნაკლი აქვს და ვფიქრობ, ჯულსის ნაკლი ისაა, რომ ადამიანებთან სიახლოვეს ეძებს და უნდა, ეს ყოველგვარი განკიცხვის ანდა ნამდვილი კავშირისა და უსაფრთხოების განცდის გარეშე მიიღოს."

ინტერვიუს შეჯამებისას კი, ზენდეიას თქმით, სურს, რუ გადარჩეს და ბედნიერი იყოს: "ცოტა ბედნიერება და ცოტა სიხარული." მსახიობმა განაცხადა, რომ შოუს შემქმნელის, სემ ლევინსოსის, მაგალითით თუ ვიმსჯელებთ, სჯერა, რუს ეს გამოუვა, რადგან სემმაც იგივე ბრძოლა გამოიარა და, საბოლოოდ, გაიმარჯვა კიდეც.

ამავე თემაზე:

15 მტკიცებულება იმისა, რომ Euphoria-ს ყველაზე მოდური პერსონაჟები ჰყავს

თუ სერიალებს თვალს აქტიურად ადევნებ, არ დაგავიწყდეს, შემოიხედო ჩვენს ჯგუფშიც – ერთი სერიაც და…