ახალი წელი ხომ წესით ყველას უყვარს — ყველა განსაკუთრებული მონდომებით ემზადება მზის გარშემო დედამიწის მომდევნო სრული ბრუნის პირობითი თარიღის აღსანიშნავად. თუმცა, ვარსებობთ გრინჩები — ადამიანების მეორე ნაწილი და შედარებით მცირე რაოდენობა, რომლებსაც ცუდ მეკვლეზე მეტად მოგვეწერება ხოლმე უიღბლო წელიწადი; აქაოდა, ამჟავებული განწყობით დახვდი ამ წელსო. არადა, ასეთ განწყობაზე ყოფნისთვის ისეთი არგუმენტირებული მიზეზები გვაქვს, ქვას გახეთქავს. აი, მაგალითად...

1. საქმეები ორმაგდება

ფოტო: Giphy

რა თქმა უნდა, ეს საუკეთესო ვარიანტში. სხვა შემთხვევაში, სამმაგდება, ოთხმაგდება... რის პირდაპირპროპორციულადაც იზრდება ჩემი შფოთვა, პროკრასტინაცია და სურვილი, ზამთრის ძილს მივეცე.

2. საჩუქრებსა და მათ შეფუთვაზე საფიქრალი მემატება

ფოტო: Giphy

არა, ეს შეფუთვა მაინც რა საჭიროა?! ბოლოს მაინც ზედმეტი ნარჩენი რჩება და არ ჯობს, პირდაპირ მივცეთ ის შარფი, წინდები თუ სუნამო?! იმაზე რომ აღარაფერი ვთქვათ, როგორ ხდება საჩუქრების შედარება ახალ წელს ჩვეულებრივი ამბავი — ვინ იყო უკეთესი სანტა. რა საჭიროა ეს შეჯიბრი, რატომ არ შეიძლება აქაც, უბრალოდ, მეგობრობამ გაიმარჯვოს?!

3. ყველა ფულის ხარჯვას მოელის ჩემგან

ფოტო: Giphy

დაწყებული იმ კომპანიებით, რომლებიც მესიჯს მესიჯზე გზავნიან, რომ თავიანთი ცხელ-ცხელი ფასდაკლებებისა და აქციების შესახებ შემატყობინონ.

არა, ჩემს მხარჯველ ბუნებას კიდევ ეს უნდოდა?

4. ამდენი ბათქაბუთქი პირდაპირ ნერვულ სისტემას უბათქუნებს

ფოტო: Giphy

აბრახუნებენ თქვენთანაც?

5. ვიცი, რომ მალე დანაშაულის გრძნობა შემაწუხებს

ფოტო: Giphy

თუმცა, ეს, რა თქმა უნდა, ხელს არ მიშლის, რომ ის ბოლო ნაჭერიც პირისკენ გავიქანო...

6. ჩემს პირად ცხოვრებაზე ისევ წუხან

ფოტო: Giphy

როცა უშნოდ გაფართოებულ სანათესავო წრეში სუფრაზე საერთაშორისო თუ შიდა პოლიტიკის თემებს მოილევენ, განხილვის რიგში შემდეგი შენი პირადი ცხოვრება დგება. რა თქმა უნდა, შენზე მეტად წუხან, რომ ეს წელიც მარტომ გაატარე და, წყალი არ გაუვა, შენზე მეტად აქვთ იმედი, რომ ცხოვრების მეგზურს მომდევნო წელს მაინც იპოვი.

7. მაღაზიებში რიგების შემხედვარე, მზად ვარ, სწრაფი მომზადების ატრიაზე გადავიარო

ფოტო: Giphy

საახალწლო სუფრა კი კარგია, მაგრამ მაგის გაწყობის ნერვი გრინჩებს არ გვაქვს. მაქსიმუმ სხვის მორთმეულზე მოვილხინოთ — ისიც ზომიერად. სხვა შემთხვევაში, გადავსებულ მაღაზიაში სოციალური შფოთვის ისეთი დოზა შეიძლება მივიღო, მომდევნო ახალ წლამდე დამჭირდება განმარტოება ძალების აღსადგენად.

8. კორპორაციულები და საახალწლო წვეულებები

ფოტო: Giphy

რა რაოდენობის საქმეც უნდა დაგიგროვდეს წინასაახალწლოდ, ყველა მოელის, რომ წვეულებას არ გამოაკლდები. ნურას უკაცრავად. მირჩევნია, ჩემს გადაცილებულ მერამდენეღაცა დედლაინს მივხედო.

9. ვალდებული ვარ, ანგარიში გავუწიო სხვების სადღესასწაულო განწყობას

ფოტო: Giphy

ხომ არ შემაწუხე შემთხვევით, მერაია ქერის All I Want for Christmas რომ უკვე მეცხრედ ჩართე დღეს? არა, რას ამბობ. სადაც მეცხრე, იქ მეათე.

10. ეს ყველაფერი ორ კვირაში მაინც დასაშლელი იქნება

ფოტო: Giphy

ამ ფაქტის გააზრება ძალიან დიდი მოტივაციაა იმისთვის, რომ ნაძვის საერთოდ არც ააწყო. ამ ქვეყანას მე მაინც ვერ გავასწორებ და ძილი რაღად უნდა დავიკლო?!

ბონუსი: ისედაც გრინჩს მეძახიან და ბარემ შევიფერებ

ფოტო: Giphy

ათი ადამიანი რომ გეუბნება, გრინჩი ხარო, ისღა დაგრჩენია, ბოროტულად ჩაიღიმო. ჯერ სად ხართ, ძველით ახალი წელი წინაა.