ინფორმაციას არასამთავრობო ორგანიზაცია, პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR) ავრცელებს, რომელიც დაზარალებულის ინტერესებს იცავდა.

რატომ არის მნიშვნელოვანი: PHR-ის განცხადებით, მამინაცვალმა, რომელიც არასრულწლოვან გერზე წლების განმავლობაში სექსუალურად ძალადობდა, მის მიმართ სისხლის სამართლის გამამტყუნებელი განაჩენის დადგომამდე რამდენიმე დღით ადრე გერისთვის ქონების წართმევა გადაწყვიტა და სასამართლოსგან ბინის ჩუქების ხელშეკრულების ბათილობა მოითხოვა.

  • სასამართლომ სექსუალური ძალადობის მსხვერპლის პოზიცია გაიზიარა და მოძალადეს ეკონომიკური ძალადობის შესაძლებლობა არ მისცა.

დეტალები: ორგანიზაციის ინფორმაციით, 2021 წელს მამინაცვალმა გერს ბინა აჩუქა, თუმცა მას შემდეგ რაც მან სექსუალური ძალადობის გამო უჩივლა, გერის დასჯა, ბინის წართმევა და მისი ქუჩაში დატოვება მოისურვა.

  • "მოძალადისთვის ცნობილი იყო ძალადობის მსხვერპლის მძიმე პოსტტრავმული მდგომარეობა და ეკონომიკური ძალადობის გზით ამ მდგომარეობის გაუარესებასაც ისახავდა მიზნად. ამ საქმეში ძალადობის მსხვერპლის არასაჭირო სამართლებრივი პროცედურებით და პროცესებით დათრგუნვა ძალადობის ერთ-ერთი სტრატეგიას წარმოადგენდა", — ვკითხულობთ განცხადებაში.
  • გადაწყვეტილება დაზარალებულის სასარგებლოდ თბილისის საქალაქო სასამართლომ მიიღო.