გიორგი გახარია

17 Feb. 2023, 17:49

ამ გადამწყვეტ მომენტში, საერთო ევროპული მიზნის გარშემო გაერთიანების ნაცვლად, ბიძინა ივანიშვილმა თავისი მარიონეტებით, მათი მეშვეობით გაგვიხსნა დისკუსია, საერთოდ გვინდა კი ევროპა? ფაქტობრივად უარს გვეუბნება ქართველი ხალხის მრავალსაუკუნოვან არჩევანზე. უბრალოდ, მას არ უნდა ასეთი ევროპა, რომელიც შეზღუდავს მის უკონტროლო და უკანონო ძალაუფლებას. მას ავიწყდება, რომ ევროპული მომავლისთვის ქართველ ხალხს სისხლი აქვს დაღვრილი.

ერთი მხრივ, ოცნება, ფაქტობრივად, გვეუბნება, რომ სახელმწიფო თურმე ბიძინა ივანიშვილია და ჩვენ ისე უნდა მოვიქცეთ, რომ მისი ფული იყოს დაცული. მეორე მხრივ, ნაციონალური მოძრაობა გვეუბნება, რომ სახელმწიფო სააკაშვილია და მისი ჯანმრთელობის და კომფორტის გარდა, სხვა არაფერი არ არის მნიშვნელოვანი. საბოლოო ჯამში, ორივე მხარე საქართველოს მომავალს ივანიშვილის ან სააკაშვილის სახელს უკავშირებს.

ეს სახელმწიფო არც ბიძინაა და არც მიშა. ეს სახელმწიფო ქართველი ხალხის არის, რომელმაც არჩევანი დიდი ხნის წინ გააკეთა და ეს არჩევანი ევროპულ მომავალს უკავშირდება. ჩვენ ყველას გვინდა მშვიდობა. ყველაფერს, რასაც გავაკეთებთ, უნდა გავაკეთოთ მშვიდობის მიზნით. რა თქმა უნდა, საქართველოს სჭირდება გონიერი, ფრთხილი და დაბალანსებული საგარეო პოლიტიკა. სინამდვილეში ოცნების ვითომ მშვიდობიანი და ფრთხილი პოლიტიკა უდიდესი საფრთხის წინაშე აყენებს ქვეყნის მომავალს, დაუცველებს, ნამდვილი მეგობრების გარეშე გვტოვებს პირისპირ რუსეთთან.

სამწუხაროდ, დღეს საქართველო ერთმანეთზე წაკიდებულ საზოგადოებად იქცა. ახალგაზრდები ქვეყნიდან გარბიან არა მხოლოდ ეკონომიკური პრობლემების, არამედ, პირველ რიგში, უიმედობის გამო. [...]

ივანიშვილისა და "ოცნების" ძალაუფლების გაძლიერებას მეც შევუწყვე ხელი, რადგან ვერ დავუშვი, რომ ადამიანი, რომელსაც ყველანაირი შესაძლებლობა ჰქონდა, ჰქონდა ხალხის ნდობა და მხარდაჭერა, რომ საქართველოს ისტორიაში მნიშვნელოვანი პოზიტიური როლი ეთამაშა, გადამწყვეტ მომენტში შეგნებულად, თავისი პირადი ინტერესების გამო დადგებოდა ისტორიის არასწორ მხარეს და ამას გააკეთებდა არა თვითონ, ღიად, თამამად, ვაჟკაცურად, არამედ დამალული, მარიონეტების ზურგს ამოფარებული იმოქმედებდა.

ეს არის ჩემი შეცდომა და ვალი ქართველი ხალხის წინაშე. თუმცა დღეს არ არის თავის მართლებისა და წუწუნის დრო, დღეს მოქმედების დროა. რაც არ უნდა მოხდეს, რაც არ უნდა დამიძახონ, დამაბრალონ, სულ მარტო რომ დავრჩე, მე ამ ვალს დავაბრუნებ.


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ო'ბრაიენი: თუ საქართველოს ხელისუფლება ე.წ. რუსულ კანონს მიიღებს, ვითარება ჩვენთვის ნათელი გახდება [ინტერვიუ]
  2. მამუკა მდინარაძე: აღმოჩნდა, რომ 12-მილიმეტრიანი თიაქრით დავდიოდი, ამიტომ ვერ ვიყავი დღეს, ჩათვალეთ, 84-ე ხმა ჩემია
  3. ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადება კახა კალაძის მიერ, ჟურნალისტის შეურაცხყოფის ფაქტზე
  4. რამდენიმე სიმართლე, რისთვისაც თვალის გასწორება მოგიწევთ თქვენი პარპაშის დასრულებამდე — ჯაფარიძე ოცნებას
  5. აზერბაიჯანში დაკავებულ მედია ადვოკატს და ტელეკომპანიის დამფუძნებელს, არ აძლევენ საშუალებას, სასწრაფო ბიოფსია ჩაიტაროს

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

პარლამენტში 3 და 4 მაისს უსაფრთხოების ყვითელი დონე იმოქმედებს — ვიზიტორებს ეზღუდებათ პარლამენტის სასახლეში შესვლა

მოკლედ: საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, 3-4 მაისს საქართველოს პარლამენტში უსაფრთხოების ყვითელი დონე…