საუნივერსიტეტო საზოგადოება

4 Mar. 2023, 19:37

ჩვენ, საქართველოს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევრები, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორები და სტუდენტები უკიდურესად შეწუხებულნი ვართ უცხოელი აგენტების შესახებ კანონპროექტებით, რომლებსაც საქართველოს პარლამენტი განიხილავს.

მიგვაჩნია რა, რომ რომელიმე მათგანის კანონად ქცევის შემთხვევაში, ძალაუფლება შეიძენს საზოგადოებაზე ბატონობის პოტენციურად ტოტალიტარულ ინსტრუმენტებს. ვფიქრობთ, რომ ამ ინსტრუმენტების თუნდაც ნაწილობრივ გამოყენება შეუქცევადად დააზიანებს იმ საზოგადოებრივი წესრიგის პერსპექტივას, რომლის შექმნის მიზანსაც, საქართველოს დამოუკიდებლობის დაბრუნების დროიდან, ჩვენი საქმიანობა მივუძღვენით.

გვჯერა, რომ განათლება თავისუფალი და სამართლიანი საზოგადოების საძირკველია, რომლის მიწოდებაშიც ჩვენ — უმაღლესი განათლებისა და აკადემიური კვლევის დაწესებულებები — ძირითადი მოქმედი პირები ვართ. ამ ფუნქციას ვასრულებთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან მჭიდრო თანამშრომლობით, რომლებიც შექმნილნი არიან გაერთიანებისა და სამეწარმეო თავისუფლებების საფუძველზე და შეადგენენ საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას.

უცხოელი აგენტების კანონი შეზღუდავს და სიცოცხლისუნარიანობას წაართმევს როგორც ჩვენს პარტნიორ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს, ისე ჩვენ, უმაღლესი განათლებისა და კვლევის დაწესებულებებს.

საქართველოს მსგავსი მცირერიცხოვანი ერებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია არ გამოეთიშოს ცოდნის შექმნისა და გავრცელების გლობალურ პროცესებს, რომლებიც სწრაფმა ტექნოლოგიურმა წინსვლამ კიდევ უფრო დააჩქარა.

განათლებისა და კვლევის ინტერნაციონალიზაცია ერთადერთი და უალტერნატივო საშუალებაა იმისთვის, რომ საქართველოში გაგრძელდეს და დამატებით შეიქმნას მეტი ხარისხიანი განათლების მიმწოდებელი და ორიგინალური ცოდნის შემქმნელი აკადემიური ინსტიტუტები.

ბოლონიის პროცესთან მიერთებით, საქართველომ სწორედ ამ იმპერატივით იმოქმედა და გრძელვადიან მიზნად ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო და აკადემიურ სივრცეში ინტეგრაცია დაისახა.

უცხოელი აგენტების შესახებ კანონი დაუძლეველ ბარიერებს შეუქმნის ამგვარი საერთაშორისო პროექტების განხორციელებას. უცხოელი აგენტების შესახებ კანონის ამოქმედება გადაულახავ წინააღმდეგობებს გააჩენს არა მხოლოდ ევროპულ საგანმანათლებლო სივრცეში საქართველოს სრულად ჩართვის პროცესში, არამედ შეუძლებელს გახდის ამ მხრივ მიღწეულის შენარჩუნებასაც.

საერთაშორისო ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან პერსონალურ, პროფესიულ და ინსტიტუციურ კავშირებს ემუქრებათ გაწყვეტა უცხოეთის აგენტის იარლიყით გამოწვეული სტიგმის ძალით. კანონის მსუსხავი ეფექტი გამოიწვევს პერსონალის მასობრივ გადინებას უცხოეთში და მათ მოწყვეტას საქართველოს აკადემიური სფეროდან.

თუ დღეს ინსტიტუციურად შესაძლებელია, რომ ქართველმა სტუდენტმა, პროფესორმა და მკვლევარმა ბარიერების გარეშე მიიღოს მონაწილეობა განათლებისა და ცოდნის შექმნის ევროპულ და გლობალურ პროცესებში, უცხოელი აგენტების შესახებ კანონი მოშლის ამ ინსტიტუციონალიზებულ შესაძლებლობებს და ამ სიკეთეებით მხოლოდ ძალაუფლების მიერ პრივილეგირებულები შეძლებენ სარგებლობას.

საქართველოს საგანმანათლებლო და აკადემიური სივრცის ფაქტობრივი იზოლაცია მოკლავს საქართველოში დემოკრატიული და თავისუფალი საზოგადოების კონსოლიდაციის პერსპექტივას, მოსპობს რა განათლებული და ინფორმირებული მოქალაქის აღზრდის ინსტიტუციურ საფუძვლებს.

ვითვალისწინებთ რა ამ საგანგაშო პერსპექტივებს, მოვუწოდებთ საქართველოს საზოგადოებას კონსოლიდაციისკენ, რათა არ დაუშვას უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მეშვეობით საქართველოს საზოგადოებაზე და მის ძირითად ინსტიტუტებზე თავდასხმა, საქართველოს საზოგადოებისთვის საძირკვლის მოშლა.

საუნივერსიტეტო საზოგადოების უარი თავისუფლების, ცოდნის და მომავლის კონტროლს — ამ სათაურით პეტიციას აქვეყნებს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების აკადემიური პერსონალი, მკვლევარები, უმაღლესი განათლების ადმინისტრატორები და სტუდენტები. ამ დროისთვის პეტიციას 748 ხელმომწერი ჰყავს. აკადემიური სივრცის წარმომადგენლები რუსულ კანონპროექტს აპროტესტებენ, რომელსაც უკვე მხარი დაუჭირა პარლამენტის საგარეო და თავდაცვის კომიტეტებმა.
 


კომენტარები

კვირის ტოპ-5

  1. ალეკო ელისაშვილმა მამუკა მდინარაძეს ხელი დაარტყა
  2. რა ეწერა რუსთავი 2-ის საინფორმაციოს უფროსის Whatsapp სტატუსში, რომელიც დღეს გამოქვეყნდა და მალევე წაიშალა
  3. კალაძე: იგივე ხდება დღეს, რაც ხდებოდა საბჭოთა კავშირში — ნაბიჯს ვერ გადადგამდი, ცეკასთან შეუთანხმებლად
  4. პრეზიდენტმა შარლ მიშელს და მაკრონს მიმართა, საქართველოში განვითარებული მოვლენები ხვალ, საბჭოს სხდომაზე განიხილონ
  5. პარლამენტმა რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღება ხვალისთვის გადადო — რა იქნება შემდეგ, პროცედურულად

გირჩევთ

ახლა კითხულობენ

გადახედვა

ჩახუტება ტკივილს, შფოთვასა და დეპრესიას მართლაც ამსუბუქებს — კვლევა

ყველამ ვიცით, რომ ჩახუტება ნუგეშთან და დადებით ემოციებთან ასოცირდება, მაგრამ რას ამბობს მეცნიერება მისი გავლენის…