დღესაც კი, მისი აშენებიდან ათასობით წლის შემდეგ, ადამიაები სტოუნჰენჯთან იკრიბებიან. ბევრი მათგანი ამ ადგილიდან მზის ჩასვლასა და ამოსვლას აკვირდება.

ამ ნაგებობაზე ყველას სმენია, მაგრამ ზუსტად დღესაც არ ვიცით, თუ რისთვის აიგო ის. ბევრს მიაჩნია, რომ ეს პრეისტორიული კონსტრუქცია ასტრონომიული განლაგების გათვალისწინებით შეიქმნა.

თუმცა, ახალი კვლევა ამტკიცებს, რომ ეს არ არის ქვის ხანის ერთგვარი კალენდარი, როგორც მას ხშირად უწოდებენ ხოლმე.

არგუმენტი "სტოუნჰენჯის კალენდრის" თეორიის შესახებ გასულ წელს გამოაქვეყნა დიდი ბრიტანეთის ბორნმუთის უნივერსიტეტის არქეოლოგმა ტიმოთი დარვილმა. მან წამოაყენა თეორია, რომ სტოუნჰენჯში გიგანტური სარსენის ქვების ნუმეროლოგია მოქმედებს როგორც მუდმივი კალენდარი, რომელიც დაფუძნებულია 365 დღეზე.

ახლა კი, არქეოლოგთა ჯგუფი ამბობს, რომ ეს იდეა დაუსაბუთებელია და ეფუძნება ასტრონომიულ შეცდომებს.

ისინი თვლიან, რომ სტოუნჰენჯის მშენებლებს უდავოდ ჰქონდათ მკვეთრი ინტერესი მზის ციკლის მიმართ. ეს სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო ნეოლითურ კულტურებში არამიწიერი ცხოვრების მზის ციკლთან გაიგივებასთან. თუმცა კვლევის ავტორების თქმით, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სტოუნჰენჯი ერთგვარი გიგანტური კალენდარი იყო.

"სტოუნჰენჯის კალენდარი" ემყარება იმ აზრს, რომ 30 თავდაყირა განთავსებული ქვიდან თითოეული წარმოადგენს მზის დღეს. ეს თვის განმეორებადი დღეებია. იმისთვის, რომ წელიწადი შეიკრას საჭიროა მივაღწიოთ 365-ს. ამისთვის 30 უნდა გავამრავლოთ 12-ზე. თუმცა, რიცხვი თორმეტი სტოუნჰენჯის ნაგებობებში არსად გვხდება.

ახალი კვლევა ავტორები სწორედ ამას უსვამენ ხაზს. მათი თქმით, სავარაუდო კალენდრის "საკვანძო ნომერი" — 12 არ არის ამოცნობილი არსად, რაც "კალენდარის თეორიასთან" დაკავშირებით შეკითხვებს აჩენს.

მეტიც, უძველესი კულტურების უმეტესობა მზესთან დაკავშირებულ კალენდარს არ იყენებდნენ. ნაცვლად ამისა, ისინი ძირითად მთვარის კალენდარით ხელმძღვანელობდნენ.

"სტოუნჰენჯი მზის კალენდრისთვის არ არის შექმნილი. ამისთვის, ტელესკოპის გამოგონებამდე, საჭირო იქნებოდა ისეთივე ზუსტი მოწყობილობები, როგორიც მზის საათია. სტოუნჰენჯი, ცხადია, არ არის ასეთი მოწყობილობა", — აღნიშნულია კვლევაში.

არქეოასტრონომია ცდილობს დააკავშიროს წარსულის ადამიანების ცოდნადა კოსმოსთან. ეს არის სფერო, რომელიც სავსეა მომხიბლავი იდეებით. თუმცა, როგორც ბოლო კვლევა ამტკიცებს, ჩვენ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ დიდი დასკვნების გამოტანის მხრივ.

შესაბამისად, რისთვის შეიქმნა სტოუნჰენჯი? ეს კითხვა კვლავაც აქტუალურია და რთულია ზუსტი პასუხის თქმა. ვერსიები ბევრია, მათ შორის არ არის გამორიცხული ნაგებობას მხოლოდ რელიგიური დანიშნულება ჰქონოდა. მეტიც, ეს შეიძლება სულაც ნადირობასთან იყოს დაკავშირებული.

2022 წელს გამოქვეყნებული კვლევის მიხედვით, სტოუნჰენჯის მონუმენტები სანადირო ადგილას აიგო.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.