ჯეიმს უესტი, რომელმაც ცოტა ხნის წინ ცხენირემი სიკვდილისგან იხსნა, ამბობს, რომ საჭირო დროს საჭირო ადგილას აღმოჩნდა. როგორც ჯეიმსი ჰყვება, ნაგავსაყრელს ავტომობილით ჩაუარა და უცნაური რამ შენიშნა: ცხენირემი დიდ ნაგვის ტომარას ღეჭავდა.

როგორც ჯეიმსი ფეისბუქის პოსტში წერს, ცხენირემი ნაგვის ტომრის ღეჭვას აგრძელებდა და თან პირიდან ქაფი სდიოდა. თავიდან ჯეიმსს ცხოველების დამცველებთან სურდა დარეკვა, თუმცა მიხვდა, რომ ისინი ცხენირმის გადასარჩენად მოსვლას ვერ მოასწრებდნენ. ამიტომ, დაბნეულ ცხოველს თავად დაეხმარა და ნაგვის ტომრის ნელ-ნელა გამოწევა დაიწყო, რომელიც ცხენირემს ყელში ჰქონდა გაჭედილი.

ჯეიმსმა სანაგვე ტომრის ისე ამოღება მოახერხა, რომ ცხენირემს არაფერი დაზიანებია. ამის შემდეგ ჯეიმსმა ცხენირემს გოგრა მისცა, რომელიც ცხოველს ძალიან მოეწონა, შემდეგ კი გადარჩენილი ცხენირემი თამაშის ხასიათზეც დადგა.

ფოტო: James West

ასე იხსნა ალასკელმა კაცმა ცხენირემი დახრჩობისგან. ცხოველი თავს კარგად გრძნობს, მისი ფოტოები კი ინტერნეტში ვირუსულად გავრცელდა. ჯეიმსის პოსტს ათასობით ადამიანი გამოეხმაურა და კაცი ცხენირმის გადარჩენისთვის შეაქო.