ტეხასის უნივერსიტეტში მომუშავე მეცნიერებმა ხელოვნურ ინტელექტზე დაფუძნებული დეკოდერის მეშვეობით ადამიანის ტვინის აქტივობა სიტყვებად აქციეს. ამისთვის მათ მხოლოდ არაინვაზიური სკანირების მეთოდი გამოიყენეს. ახალი მიდგომა საშუალებას გვაძლევს, ინდივიდის ფიქრები ხანგრძლივი დროის განმავლობაში "წავიკითხოთ".

სპეციალისტები ამბობენ, რომ ასეთი შედეგი არაინვაზიური ჩარევით აქამდე არასდროს მიუღიათ. ეს ტვინში იმპლანტის ჩანერგვისა და ცდებისას მხოლოდ კონკრეტული სიტყვების გამოყენების საჭიროებას ხსნის, რაც ე.წ. სემანტიკური დეკოდერის საშუალებით მიიღწევა, მოდელის, რომელიც ყველასთვის კარგად ცნობილი ChatGPT-ის მსგავსია. ის საათობით იწვრთნება ინდივიდის მიერ პოდკასტების მოსმენისას ფუნქციურ მაგნიტურ-რეზონანსული აპარატით მოპოვებულ მონაცემებზე, შემდეგ კი ახალი ამბის მოსმენისას ან თხრობის წარმოდგენისას ამ ადამიანის ფიქრების დეკოდირება ხდება შესაძლებელი.

ტექსტად ქცეული სიგნალები ასე გამოიყურება:

მარცხნივ რეალური ტექსტია ნაჩვენები, მარჯვნივ კი სისტემის მიერ დეკოდირებული.

ფოტო: University of Texas at Austin

რა თქმა უნდა, დეკოდერს ადამიანის ფიქრები სიტყვასიტყვით ვერ გადმოაქვს, მაგრამ მათზე დაახლოებით წარმოდგენას გვიქმნის და ზოგიერთი სიტყვის ზუსტად ამოცნობასაც ახერხებს. სერიოზული წვრთნის შედეგად მან ცდების დაახლოებით ნახევარში ტექსტის თითქმის იდენტური რეპრეზენტაცია შეძლო.

აღსანიშნავია, რომ კვლევა მხოლოდ მოსმენილისა და ნაფიქრის გაშიფვრას არ ემსახურებოდა. ქვემოთ ნაჩვენებ ვიდეოში ასახულია ხელოვნური ინტელექტის მიერ გაშიფრული ტვინის აქტივობა მაშინ, როცა ცდისპირი უხმო ვიდეოს უყურებდა.

მომავალში ასეთი არაინვაზიური მეთოდით შესაძლოა, პარალიზებულ, მეტყველების უნარწართმეულ ადამიანებს კომუნიკაციის საშუალება მიეცეთ, რაც მათი ცხოვრების ხარისხს საგრძნობლად გააუმჯობესებს. ასეთი ტექნოლოგია პოტენციურ საფრთხეზეც გვაფიქრებს, მაგრამ ავტორთა თქმით, მსგავს სისტემას ჩვენი აზრების წასაკითხად ვერ გამოიყენებენ, თუნდაც იმიტომ, რომ ამ ეტაპზე მას საწვრთნელად 15 საათამდე დრო და სხვა პირობები სჭირდება.

ავტორთა განცხადებით, სწორედ ახლა უნდა გააქტიურდეს რეგულაციები ჩვენი პირადი სივრცის დასაცავად, ხოლო ამ ტექნოლოგიის გამოყენებადობა გაკონტროლდეს. მათი ნაშრომი გამოცემაში Nature Neuroscience გამოქვეყნდა.

თუ სტატიაში განხილული თემა და ზოგადად: მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სფერო შენთვის საინტერესოა, შემოგვიერთდი ჯგუფში – შემდეგი ჯგუფი.