ამის შესახებ პარტიის განცხადებაშია ნათქვამი.

რატომ არის მნიშვნელოვანი: დღეს, 17 მაისს, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრად ასარჩევად 29 კანდიდატს ეყარა კენჭი. კვორუმისთვის 90 დეპუტატის მხარდაჭერა იყო საჭირო.

  • საბოლოოდ, სამი კანდიდატი შეირჩა: ტრისტან ბენაშვილი და ზურაბ გურასპაშვილი — 93-93 ხმით, გიორგი გზობავა კი 91 ხმით.
  • უმრავლესობაში ამჟამად 84 დეპუტატია, რაც იმას ნიშნავს, რომ კანდიდატებს მხარდაჭერა საპარლამენტო ოპოზიციის წევრებმაც გამოუცხადეს.
  • ოპოზიციის ნაწილი ფიქრობს, რომ ზოგიერთი მათგანი ქართულ ოცნებას გაურიგდა, ამიტომაც მათ დარბაზი ხმაურის ფონზე, პროტესტის ნიშნად დატოვეს.
  • TV პირველი და რუსთავი 2 წერდნენ, რომ ოცნებასთან გარიგებაში "ეჭვმიტანილი" რამდენიმე დეპუტატია: ნიკა მაჭუტაძე, ნატო ჩხეიძე, როსტომ ჩხეიძე, დილარ ხაბულიანი და ბაჩუკი ქარდავა.
  • დღეს ნიკა მაჭუტაძემ ბრიფინგი გამართა, სადაც დაადასტურა, რომ წევრების არჩევას მხარი დაუჭირა, ამას "პოლიტიკური შეცდომა" უწოდა და თქვა, რომ ნატო და როსტომ ჩხეიძეებთან ერთად, ენმ-ის ფრაქციას ტოვებს.

დეტალები: ნაციონალურ მოძრაობაში ამბობენ, რომ მურუსიძის კლანის სანქცირებული, ყოველგვარი სამართლებრივი ჩარჩოდან გასული და მორალურად გაკოტრებულია.

  • პარტიის განცხადებით, არცერთი დეპუტატი, რომელმაც ხმა მისცა კლანის გავლენის განმტკიცებას, არ წარმოადგენს ენმ-ს, მაგრამ მათთან ფრაქციული და სხვა პოლიტიკურ ფორმატებში თანამშრომლობა აკავშირებდათ.
  • "დღეიდან, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა, როგორც ფრაქციულ, ისე სხვა ტიპის პოლიტიკურ თანამშრომლობას წყვეტს იმ დეპუტატებთან, რომლებმაც მხარი დაუჭირეს დანაშაულებრივი სასამართლო კლანის გავლენის განმტკიცებას".